გიუმრიში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
რუსული ავიაკომპანია „პობედას“ სამგზავრო თვითმფრინავი სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავარიულად დაეშვა, – ამის შესახებ სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტში განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ ბორტზე 173 მგზავრი იმყოფებოდა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომიტეტში აცხადებენ, რომ მომდევნო ფრენას „პობედას“ სარეზერვო თვითმფრინავი შეასრულებს.
„პობედა“ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. კომპანიაში ივლისში განაცხადეს, რომ გიუმრიში ზამთრის სეზონზე ავიაბილეთების გაყიდვას წყვეტენ, ამის მიზეზად კი გიუმრის აეროპორტში საწვავის ჩასხმის არაკეთილსინდისიერება დაასახელეს.
თუმცა, სულ რამდენიმე დღის წინ „პობედაში“ განაცხადეს, რომ ზამთრის სეზონზე რეისები შესრულდება, რადგან „პრობლემა აღმოფხვრილია“.