მურატ ჯიოევი: საპროტესტო განცხადებებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან ისმის, სტაბილურობასთან საერთო არაფერი აქვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევი სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან საპროტესტო გამოსვლები, რესპუბლიკის და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომის ნაწილია“.
ჯიოევის განცხადებით, „ეს კარგად გაწერილი სპექტაკლია, რომელიც საზღვრის ხან ერთ, და ხან მეორე მონაკვეთზე თამაშდება“.
„ამის მიზანია საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა. პროტესტებს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ისმის საქართველოს ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, არაფერი აქვთ საერთო მოსაზღვრე ტერიტორიებზე სტაბილურობაზე ზრუნვასთან“, – განაცხადა ჯიოევმა.
მისივე თქმით, „ერთის მხრივ სამუშაოები არსად არ ეხება საქართველოს ტერიტორიას და მეორე, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ სამხრეთ ოსეთი ცალმხრივად დაიწყებდა საზღვრის აღნიშვნას, რადგანაც ქართული მხარე თანამშრომლობაზე არ მიდის“.
სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი დღეს კვლავ განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები