ზაალ კასრელიშვილი დავით გარეჯის თემაზე: დავა ძმებს, მეგობრებს, მეზობლებს შორისაც ხდება, აუცილებელია, საკითხი ცივილიზებულად მოგვარდეს
“კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი აცხადებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით არსებული საკითხის ცივილიზებული, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესია. კასრელიშვილი “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ საკითხის სამართლიანად და მშვიდობიანად მოგვარება როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარის ინტერესში უნდა იყოს.
“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დავით გარეჯის საკითხის ცივილიზებულად მოგვარებას, იმიტომ, რომ დავა ძმებს, მეგობრებს, მეზობლებს შორისაც ხდება, მათი ცივილიზებულობის, კეთილმეზობლურობის ხარისხი სწორედ იმ დროს გამომჟღავნდება, თუ როგორ, რა ფორმით მოაგვარებენ ისინი ამ დავას.
რაც შეეხება კონფლიქტის არსებობას, ამაში ძალიან დიდი წილია 1921 წლის საბჭოთა რუსეთისა. ჩვენ რამდენიმეჯერ აღვნიშნეთ მედიასაშუალებების მეშვეობით, რომ რაც უფრო მეტ ხანს გაიწელებოდა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის მოგვარება, მით უფრო მეტად ისარგებლებდა ამით დავუშვათ რუსეთი. ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, ამის რესურსიც არის, შანსიც არის. ორივე მხარის ინტერესშია, რომ გონიერება გამოიჩინონ და სამართლიანად გადაწყვიტონ საკითხი – მთავარი ეს არის, რომ სამართლიანად გადაწყდეს, რადგან შემდგომ უსამართლო გადაწყვეტილებას კიდევ უფრო მეტი გართულება არ მოჰყვეს”, -აღნიშნა კასრელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, ექსპერტთა პირველი შეხვედრები 19-23 აგვისტოს გაიმართება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები აქტიურად თანამშრომლობენ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ბაქოში, მიმდინარე წლის 23-24 მაისს, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების პირველი შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ კომისიის ექსპერტები ადგილზე გარკვეულ სამუშაოებს ჩაატარებდნენ.
“აღნიშნულ პერიოდში, ჩვენ – ქართულ მხარეს აზერბაიჯანულ მხარესთან, ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალების დაზუსტების მიზნით, მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა . გარკვეული შიდა სამუშაოების ჩატარების შემდგომ, მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოს პერიოდში დაგეგმილია ექსპერტების პირველი შეხვედრები”, -აღნიშნა დარსალიამ.