“საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს საქართველოში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ”

„ფიტჩის“ მიერ საქართველოსთვის რეიტინგის შენარჩუნება მიუთითებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს ამ ქვეყანაში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს თავისთავად, პოზიტიური მოვლენაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზანია რეიტინგის ზრდა, რეიტინგის შენარჩუნება ნიშნავს, რომ საერთაშორიო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს ამ ქვეყანაში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ. ეს თავისთავად პოზიტიური მოვლენაა. თუმცა თუ პირდაპირ კავშირზე ვისაუბრებთ, თითოეული შეჭირვებული პრობლემების მქონე ადამიანის კავშირზე ამ რეიტინგებთან, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ წვდომაში არ არის. აქვე უნდა დავამატო, მსგავს რეიტინგებს აზრი აქვს იმ ქვეყანაში, სადაც რეგიონების დონეზე, განსაკუთრებით ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობისა და მცირე ინიციატივების ბიზნესად ქცევის საქმეში, არსებობს განსაკუთრებული და კონკრეტული ქმედებები, რომლებიც ერთობლიობაში „ფიტჩის“ რეიტინგებთან ერთად, ერთი მხრივ ინვესტორებისთვის, ასევე ბიზნესში სამომავლოდ ჩართვის პესპექტივისთვის კარგ გარემოს ქმნის“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, რომან კაკულიას შეფასებით, ყველა რეიტინგი აზრს კარგავს პოლიტიკური არასტაბილურობის შემთხვევაში.

„ფიტჩის“ ეს რეიტინგიც კი აზრს კარგავს, თუ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური არასტაბილურობა, საგარეო მოცემულობაში გამოწვევები. „ფიტჩის“ რეიტინგს აზრი აქვს იმ ქვეყნებისთვის, სადაც პოლიტიკური სტაბილურობისა და საგარეო მოცემულობაში სტაბილურობის საკითხი არ დგას. ამიტომ ეს არის ძალან წინააღმდეგობრივი. ერთი მხრივ, უნდა განვაცხადოთ, რომ ეს რეიტინგები გაიზარდოს, მაგრამ ასევე გრძელვადიანი პროგნოზირებადი გარემოს შექმნა არის აუცილებელი მოთხოვნა, დანარჩენი საზოგადოებისთვის ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვისი ყურადღების სფეროშიც გვსურს, მოვაქციოთ საქართველო“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch)  საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. ამასთან, 2019 წლის  ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირედით, 4.3 პროცენტამდე შეამცირა (წინა პროგნოზი – 4.6 პროცენტი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები