პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთში ბოლო პოსტსაბჭოთა ე.წ. არჩევნები ჩატარდება – სოხუმში ხედავენ, რომ რუსეთი მათ დამოუკიდებლობას ხელს არ შეუწყობს
ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ე.წ. კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ, დაპირებებს გასცემენ და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე ხედვებს აფიქსირებენ.
ერთ-ერთი განსახილველ საკითხად, ბუნებრივია, თბილისთან ურთიერთობა, ქართულ საზოგადოებაში აფხაზების ინტეგრაციის საკითხი და ეკონომიკური კონტაქტებია მიჩნეული.
არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციურ ბანაკს მიეკუთვნებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ქართველებთან პირდაპირ დიალოგზე წასვლაა საჭირო, რომ არსებული პრობლემების მოგვარება პირისპირ ფორმატში უნდა მოხდეს.
როგორც „კვირასთან“ საუბარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ასეთ განცხადებებზე დიდი იმედი არ უნდა მყარდებოდეს, რადგან ეს ჩვეულებრივი „წინასაარჩევნო კამპანიაა“.
ამასთან, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებას დე ფაქტო მოქმედი პრეზიდენტი – რაულ ხაჯიმბა მოიპოვებს, ეს იქნება ბოლო პოსტსაბჭოთა ე.წ. არჩევნები სადაც პოსტსაბჭოთა სივრცეში გაზრდილი კანდიდატი იმარჯვებს, შემდეგი ე.წ. არჩევნები იქნება მხოლოდ ახალგაზრდებს შორის. ყოფილი მინისტრის თქმით, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მომავალში მსგავსი აზრის ფორმირება, შესაძლოა, უფრო აქტიურად მოხდეს.
პაატა ზაქარეიშვილი, ასევე, ამბობს, რომ ხაჯიმბას რეალური ოპონენტი პარტია „ამცახარას“ კანდიდატი, ალხას კვიწინიაა.
„კვიწინიას მესიჯი არ არის ჰაერში გასროლილი მესიჯი. ის ამით აკმაყოფილებს აფხაზურ საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ მოლოდინებს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები ფიქრობენ, რომ არიან დამოუკიდებლები, მათ მხოლოდ ორი მეზობელი ჰყავთ. მარტო რუსეთით კი შორს ვერ წავლენ. რუსეთი მათთვის სანდო არ არის, მსოფლიოში ყველას ეშინია მათი და ვერც აფხაზები გრძნობენ თავს კომფორტულად. ამ ფონზე რომ საჭიროა ქართველებთან ლაპარაკი, კვიწინია ამას აჟღერებს და კარგია, რომ ნომერ მეორე პოლიტიკური ძალა ამას ცალსახად და მკაფიოდ აჟღერებს. მათ აქვთ შანსები – ახლა თუ არა, შემდეგში. ამ არჩევნების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. ეს არის ბოლო პოსტსაბჭოთა არჩევნები. თუ გაიმარჯვებს ხაჯიმბა, ეს იქნება ბოლო არჩევნები სადაც პოსტსაბჭოთა სივრცეში გაზრდილი კანდიდატურა იმარჯვებს, ომის დროინდელი ფიგურა. შემდეგი არჩევნები იქნება მხოლოდ ახალგაზრდებს შორის. ახლა ეს არის მცდელობა დაამახსოვრონ თავი შემდეგი არჩევნებისთვის. როგორც ჩანს „ამცახარას“ სჭირდება ამომრჩეველი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართულ მხარესთან საჭიროა პირდაპირი დიალოგის გამართვა“,-აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ოპოზოციისგან განსხვავებით, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი და ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ თბილისისგან ეკონომიკური ხასიათის მხარდაჭერის მიღება შესაძლებელია, თუმცა საპასუხოდ თბილისმა აფხაზეთის „დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს“. ხაჯიმბამ ბოლო ინტერვიუში, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ თბილისი ცდილობს აფხაზური საზოგადოების დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაცია მოახდინოს ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა პროგრამების გზით.
პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზებს თავიანთი ინტერესები აქვთ, რომლებიც ხშირად რუსეთის ინტერესებს არ ემთხვევა – იგივე მიწის საკუთრებაზე, უძრავ ქონებაზე, ტრანსკავკასიურ გზაზე. რაც შეეხება პროგრამებს რომელსაც აფხაზებს თბილისი სთავაზობს დე ფაქტო მთავრობას არ მიაჩნია სწორად ამის ტორპედირება.
„იმიტომ, რომ მაშინ ეტყვიან – თუ არ მოგწონს რომ მე თბილისში დავდივარ, შენ შემომთავაზე რამე უკეთესი. არც რუსეთი სთავაზობს და არც დე ფაქტო ხელისუფლება, ამიტომ სხვა გზა არ აქვთ. ხაჯიმბამ იცის, რა არ უნდა თქვას. რუსეთში არის საშინლად ძვირი და კორუმპირებული ჯანდაცვა. საქართველო მათ სამ კომპონენტს სთავაზობს: კორუფცია არ არის, ფულს არ სძალავენ და პირიქით უფასოა. აფხაზებს ამ პროცესის გაჩერება არ შეუძლიათ იმიტომ, რომ სხვა რამის შეთავაზება რა შეუძლიათ“,-აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.
პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზებთან მიმართებით ილუზიები არ აქვს, არამედ რეალისტია, შესაბამისად თვლის, რომ აფხაზები ხვდებიან იმას რომ ვერაფერს მიაღწიეს, „აღიარების“ სანუკვარ ოცნებას ვერ მიაღწიეს.
„ვართ 21-ე საუკუნეში, ვართ ნატო-ს, ევროკავშირის ეპოქაში, არ ვართ დსთ-ში. აფხაზები ხედავენ, რომ თავისას ვერ მიაღწიეს, ვერ მიაღწიეს სანუკვარ აღიარებას, როგორც უნდოდათ. ნათელია, რომ აფხაზებს არ უნდათ რუსებთან ინტეგრაცია, თუნდაც ანექსია რომ განახორციელოს რუსეთმა. აფხაზეთში ახალგაზრდა თაობა მოდის, ისინი ხედავენ ევროპაში რა ხდება, მსოფლიოში რა ხდება. ხედავენ, რომ რუსეთი მსოფლიოსთვის საფრთხისშემცვლელია, როგორ მოქმედებს ის სირიაში, უკრაინაში, ბელარუსში. ყირიმის შემდეგ ხედავენ, რომ შემდეგი ყირიმი შეიძლება გახდეს თვითონ აფხაზეთი. მთელი ნახევარი შავი ზღვა უკვე არის რუსეთის ხელში. ხედავენ, რომ რუსეთი მათ დამოუკიდებლობას ხელს არ შეუწყობს. ამიტომ ჩვენკენ უნდა შემოვატრიალოთ. რუსეთს სურს, შექმნას განცდა, რომ ის ერთადერთი პატრონია აფხაზებისა. ჩვენ უნდა შევქმნათ განცდა, რომ ეს ასე არ არის. რუსებს არ ადარდებთ აფხაზების კულტურული იდენტობა. მათ ტერიტორიას მხოლოდ ბაზებისა და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.