გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის სჭირდება შესაბამისი საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში კობი-ქვეშეთის ახალი გზის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება.
„ხელისუფლების მიერ, დაანონსებული კობი-გუდაურის მაგისტრალის მშენებლობის პროექტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი როკის გვირაბად მონათლა. ცალსახა შეფასებით – სამხედრო თვალსაზრისით საზიანოდ და მაღალი რისკის შემცველად, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიანად.
ამ თემის ამ კუთხით გაშლა, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. როკის გვირაბთან ამ თემის დაკავშირება ხომ სამაჩაბლოში შემდგომ წლებში განვითარებულ მოვლენებთან და თუნდაც დღეს მიმდინარე პროცესებთან ასოცირდება, რაც საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევში ხდება. გათვლაც ამაზეა გაკეთებული, აჩვენოს კიდევ ერთხელ, რა ცუდია დღევანდელი ხელისუფლება და რა მოღალატეობრივ პოლიტიკას ახორციელებს.
ბუნებრივია, პოლიტიკური აქცენტებიც გადატანილია მოსალოდნელ საფრთხეებზე და რუსეთის მხრიდან ამ მაგისტრალის გამოყენებით ახალ შესაძლო ინტერვენციაზე, პუტინის მორიგ დაკვეთაზე და ა.შ. ხოლო სხვა დანარჩენი, თუ რატომ დგას დღის წესრიგში ამ მაგისტრალის მშენებლობა ან რა ეკონომიკური ეფექტის მომტანია, საერთოდ არ განიხილება. როდესაც ახალ მაგისტრალს აკავშირებენ ახალ მოსალოდნელ ოკუპაციასთან, საინტერესოა, რომელ ახალ ინტერვენციის საფრთხეზეა საუბარი, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები, წინა ხელისუფლების დიდი დამსახურებით, ისედაც დგანან თბილისიდან 30 კილომეტრში!
მთელ ამ ისტორიაში საინტერესო ის არის, რომ, როდესაც ოპოზიცია და სააკაშვილი ამ პროექტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარეზე საუბრობს, კარგად უნდა გაიხსენოს, რომ 2012 წელს თავად აანონსებდა გვირაბის მშენებლობას, ამ პროექტს კი ნამდვილ „საოცრებას“ უწოდებდა და საზოგადოებას აღფრთოვანებული ესაუბრებოდა. „ახალი გვირაბის მშენებლობას, ალბათ, სამი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ყაზბეგი თბილისის პატარა გარეუბანი გახდება. ეს იქნება საოცრება – თბილისზე მიბმული საოცრება“, – აცხადებდა 2012 წელს, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ვხედავთ, საკუთარ ადრინდელ განცხადებებს ამითაც ეწინააღმდეგება, ხოლო მთლიანობაში, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები, კობი-გუდაურის მაგისტრალის თაობაზე, დემაგოგიის ელფერს ატარებს!
რაც შეეხება ამ პროექტის წმინდა ეკონომიკურ მხარეს. წლებია, კობამდე მისასვლელი გზა არ არის უსაფრთხო, არა მხოლოდ გადატვირთულია, არამედ ზვავსასიშია. რა მთავარია, არსებული გზის გამტარუნარიანობა არ შეესაბამება ტრანსპორტის მოძრაობის მოცულობას (3-4 ათასი ავტომობილი დღეში – მათ შორის 70% მსუბუქი და 30%- სატვირთო). ამ გზაზე მრავლადაა მაღალი და მკვეთრი მოსახვევები. ზამთარში გზა ყოველწლიურად და წელიწადში საშუალოდ 44 დღით იკეტება. დაბალი გამტარუნარიანობისა და მაღალი ხარჯების გამო, არსებული გზა რეგიონში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის პოტენციალის ზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.
ახალი მაგისტრალი, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხეს მთლიანად მოხსნის და მოქალაქეებს გვირაბით სარგებლობა მთელი ზამთრის განმავლობაში შეუზღუდავად შეეძლებათ. ამასთან, გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც აქამდე, რეგიონში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყო.
ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტის ფარგლებში, აშენდება 23 კმ-ანი ორზოლიანი გუდაურის შემოვლითი გზა, ახალი გზა იქნება 12 კილომეტრით მოკლე, გზაზე გაიჭრება 5 გვირაბი, რომელთა მთლიანი სიგრძე დაახლოებით 11 კილომეტრია. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კილომეტრის სიგრძისაა და ამიერკავკასიაში არსებულ გვირებებს შორის ყველაზე გრძელი იქნება. ახალი გზა და ქვეშეთისა და კობის დამაკავშირებელი გვირაბი უზრუნველყოფს მზარდი საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხო გადაადგილებას მთელი წლის განმავლობაში.
ამ მართლა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია, მნიშვნელოვანდ გაზრდის რეჰგიონის და მთლიანდ ქვეყნის ტურსიტულ პოტენცილს. სამწუხაროდ, დღეს ტურისტებისათვის არ არის ხელმისაწვდობი ხადას ხეობა და მისი კულტურულ-ისტორიული ძეგლებიც. ახალი გზა ტურისტული ნაკადების გაზრდით, გაზრდის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებსაც, რაც ეკონომიური საქმიანობის წამოწყების შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. ახალი გზა არა მხოლოდ განტვირთავს გუდაურს სატვირთო მანქანებისაგან, არამედც დამატებით მისცემს მას მაღალი სტანდადარტის კურორტად განვითარების საშუალებას.
ნიშანდობლივია, რომ ახალი გზის არსებული საინჟინრო პროექტის შემუშავებამდე შეფასდა რამდენიმე ალტერნატიული მარშრუტი გუდაურის და ხადას ხეობაში, თავად ხადას ხეობის სამი შესაძლო მარშრუტი, განიხილებოდა არსებული გზის აღდგენაც. თუმცა, შერჩეულ მარშრუტზე გვირაბის გაყვანის აუცილებლობა და ეკოსისტემაზე შესაზლო ზემოქმედების ფაქტორები, შესაბამისამა მრავალკრიტერიუმიანმა ანალიზმა აჩვენა. პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე გაიმართა არა მხოლოდ საჯარო კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან, არამედ შედგა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო ჯგუფებთან, რაც აისახა კიდეც საჯარო პროექტში სათანადო ცვლილებების შეტანით.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის სჭირდება შესაბამისი საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ანაკლიის პროექტიც, რომელიც იძლევა დიდ პერსპექტივებს ქვეყნის სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად გადაქცევისათვის, არა რაღაც კუნძულ ოაზისად, არამედ სწორედ ერთიანი ინფრასტრუქტურის ბაზისში უნდა განვიხილოთ“. – წერს გიორგი ცუცქირიძე.
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ეს არის ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები