„მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის ტურისტს უმასპინძლა, რაც სწორი პოლიტიკისა და სწორი სამოქმედო გეგმის, მათ შორის, მშვიდობისა და სტაბილურობის შედეგია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მაჩვენებლების შეფასებისას, რომლის მიხედვით, 2025 წლის ცხრა თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს – 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.9%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ტურისტების ოდენობა, საერთაშორისო ვიზიტორების – 5.6%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, 5.4%-იანი ზრდით 6.1 მილიონი შეადგინა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორი ვითარდება მდგრადად, საკმაოდ დივერსიფიცირებულად და სტაბილურად, რასაც ასევე ხელს უწყობს მარკეტინგული კამპანიები და ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ქმნის, მათ შორის, პირდაპირი რეისების დანიშვნისა და ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის კუთხით.
„ვხედავთ, რომ მიმდინარე წელს განსაკუთრებული წარმატება გვაქვს ავიაციის სექტორში – დაგვემატა ახალი ავიაკომპანიები, ახალი მიმართულებები, რის შედეგადაც თანმიმდევრულად იზრდება ტურისტული ნაკადები ჩვენი სტრატეგიული, სამიზნე ქვეყნებიდან. პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, რეკორდულია ტურისტული ნაკადები ისეთი ქვეყნებიდან, საიდანაც შევძელით პირდაპირი ფრენების დამატება და შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები, მათ შორის, გამოვყოფდი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მაგალითად, საფრანგეთს და გერმანიას, ასევე ხაზგასასმელია ჩინეთი, ყურის ქვეყნები და ისრაელი“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ასეთი პოლიტიკა ქმნის წარმატების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ტურიზმის ინდუსტრიაში.
„დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად წლის ბოლომდე მორიგი წარმატებები გვექნება ტურიზმის სექტორში, ვნახავთ კიდევ უფრო მეტ ტურისტს ჩვენს ქვეყანაში, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან მეტი შემოსავლების მიღებას, გააძლიერებს სექტორში ჩართულ თითოეულ მეწარმეს და ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.