ნათია თურნავა აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ციცნაძე.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ანტონელა ბასანის და აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ რუგენაათს.
გარდა ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ნათია თურნავა შეხვედრას გამართავს ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტთან, სანჯაი მალჰოტრასთან.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ამერიკული საინვესტიციო კომპანიების – J.P. Morgan-ის, Citibank – ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციით წარსდგება.
აშშ-ში ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.