თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

სამართალდამცველებმა თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1 პირი, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსმა, ლევან მაისურაძემ განაცხადა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1 პირი – 1994 წელს დაბადებული ვ.გ.
დანაშაული თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 8 აგვისტოს  თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით გაიტაცა ფული (დაახლოებით, 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით) და მიიმალა. სამართალდამცველებმა დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მომხდარიდან რამდენიმე დღეში იგი თბილისში დააკავეს. პოლიციამ ვ.გ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას ბანკის დაყაჩაღების დროს ეცვა, სახლის სხვენიდან კი ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ელი, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებშიში ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმის 4 ფაქტი გახსნა, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 8 პირი. 3 ფაქტზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები