ნიკა გვარამიას ადვოკატს სასამართლოს განჩინება ჩაბარდა

„რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატს საქალაქო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა. ადვოკატს მოსამართლის დადგენილების სააპელაციოში გასასაჩივრებლად 48 საათი აქვს.
როგორც ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, განჩინებაში არაფერია ნათქვამი თავად ნიკა გვარამიას პოზიციაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ აპირებს დაკისრებული გირაოს გადახდას. „პრინციპში, შაბლონური დასაბუთებით არის შემოფარგლული მოსამართლე. კერძოდ, ის აპელირებს იმაზე, რომ საქმეზე შესაძლოა, დაკითხული იქნენ ის პირები, რომლებთანაც ნიკა გვარამიას ჰქონდა სამსახურეობრივი ურთიერთობა და ამიტომ არსებობს იმის რისკი, რომ მან შეიძლება, ზეწოლა მოახდინოს მათზე, რათა მიაცემინოს მისთვის სასურველი ჩვენება და სასამართლომ ჩათვალა, რომ 40 ათასი ლარის გადახდით, ეს რისკი გამოირიცხება. ამასთან, საუბარი არის მიმალვის რისკზე. ხაზგასმულია ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია ბოლო 2 წლის განმავლობაში, 25-ჯერ არის ქვეყნიდან გასული და შემოსული. მართალია, იქვე სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რეალურად, ადრეც ყოფილა ნიკა გვარამიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გარდა ამისა, დაბარებული იყო სხვა საქმეებზე და არც ერთხელ, მას არ ჰქონია არც მიმალვის მცდელობა, არც მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, თუმცა სასამართლომ არ ჩათვალა ეს საკმარის არგუმენტად, რომ უარი ეთქვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. განჩინებაში არაფერია ნათქვამი თავად ნიკა გვარამიას პოზიციაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ აპირებს გირაოს გადახდას. ეს საკითხი მსჯელობის მიღმა დარჩა,“ – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები