მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილმა და “ნაცმოძრაობამ” პასუხი უნდა აგონ ქართველი ხალხის წინაშე, რათა ვეღარავინ გაბედოს ქართველი ხალხისა და გმირი ჯარისკაცების დადანაშაულება

“სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” პასუხი უნდა აგონ ქართველი ხალხის წინაშე იმიტომ, რომ ვერავინ გაბედოს ქართული სახელმწიფოს და ჩვენი გმირი ჯარისკაცების დადანაშაულება ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმასა თუ ინსტანციაში”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
პარლამენტარი საკუთარ “ფეისბუქპოსტში” 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელ დანაშაულებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ჟურნალისტებისა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვიტა. ​
“რატომ შეიცვალა 11 წლის შემდეგ ხელისუფლების ნარატივი აგვისტოს ომთან დაკავშირებით? რატომ დავიწყეთ ლაპარაკი დღეს უფრო ცხადად ყოფილი ხელისუფლების დანაშაულზე? ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე მომმართეს ამ კითხვით და სწორედ ამის გამო საჭიროდ მიმაჩნია, მას გამოვეხმაურო.
“კვირა” მიხეილ ყაველაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“პირველ ყოვლისა, მინდა, განვაცხადო, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე აგვისტოს ომთან მიმართებით ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რადგან ეს არ იყო ჩვენი პარტიული დღის წესრიგი, ეს იყო ჩვენი ამომრჩევლისა და, ზოგადად, ქართული საზოგადოების მკაცრი მოთხოვნა, რომელსაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ, მმართველი გუნდი, შესაბამისი სიმწვავით არ მივუდექით, რასაც ჰქონდა თავისი მიზეზები და ამაზე ოდნავ ქვემოთ.
️მთავარი ღირებულება, რომელზეც ჩვენი ხელისუფლება დგას, არის ეროვნული ერთიანობის და თანხმობის იდეა. შესაბამისად, ჩვენი გუნდის პოლიტიკა, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების მიმართ, მიუხედავათ მათი მძიმე პოლიტიკური წარსულისა, მაინც უფრო შემწყნარებლობისკენ იყო მიმართული, ვიდრე მხილებისა და დასჯისკენ. სწორედ ამის დასტურია 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების გადმობარების დროს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული ისტორიული მნიშვნელობის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ოპონენტებს მოვექცეოდით არა ისე, როგორც ისინი ამას იმსახურებდნენ, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართველი ხალხი და მისი დიდი კულტურა. ეს იყო გარკვეული მორალური და პოლიტიკური ორიენტირი, თუ გინდათ ცივილიზაციური თამასა, რომელიც ჩვენმა ლიდერმა შესთავაზა ოპონენტებს და საზოგადოებას და სწორედ ამიტომ, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ აგვისტოს ომის თემას ტაბუ დაადო და უმკაცრესი ცენზურა დააწესა, აკრძალა კითხვების დასმა ამ თემაზე, ხოლო კრიტიკული შეფასებები ხელისუფლების მიმართ ეროვნულ ღალატად გამოაცხადა – ჩვენი ხელისუფლებაც გარკვეულწილად განზრახ დაექვემდებარა ამ ცენზურას, მაგრამ არა იმიტომ, რომ სჯეროდა იმ ტყუილის, თითქოს სიმართლე აზიანებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას და საფრთხეს უქმნის გმირ ქართველ სამხედროებს, რასაკვირველია – არა! ჩვენ დავექვემდებარეთ ამ ცენზურას და შეფასებებისას ვხმარობდით შედარებით რბილ ფორმულირებებს, რომ მათ ვერ ააცილეს ომი ქვეყანას მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შანსი მიგვეცა, ჩამდგარიყვნენ ქვეყნის სამსახურში და სიტყვით თუ არა, საქმით მაინც გამიჯვნოდნენ საკუთარ დანაშაულებრივ წარსულს.
️თუმცა დღეს, 7 წლის გადასახედიდან, აბსოლუტურად ვრწმუნდებით, რომ მიუხედავად ჩვენი გუნდის მცდელობის და გაწვდილი ხელისა, ამ მავნებლურმა პოლიტიკურმა ძალამ არათუ გააანალიზა და მოინანია მათ მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებული მძიმე შეცდომები და დანაშაული, არამედ კვლავ განაგრძო და დროთა განმავლობაში გააძლიერა კიდეც საზოგადოებაზე ძალადობა და ქვეყნის კონსტიტუციური საფუძვლებისათვის ძირის გამოთხრა. მგელმა ტყისკენ ყურებას თავი არ დაანება და სავარაუდოდ, არც აპირებს.
დიახ, დღეს, 7 წლის გადასახედიდან, მეც ვაღიარებ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობაა, დავიჯერეთ, რომ მათი გამოსწორება შესაძლებელი იყო და ხალხს სრული სიმართლე არ ვუთხარით.
არადა, სიმართლის თქმით იწყება დეოკუპაცია. აგვისტოს ომზე სიმართლე იცის მთელმა მსოფლიომ. ის წერია ტალიავინის კომისიის დასკვნაში, რომელიც უკიდურასად პროქართული დოკუმენტია და რომელიც საფუძვლად დაედო არაღიარების პოლიტიკას, მაგრამ ამ დასკვნაში წერია სხვა სიმართლეც იმის თაობაზე, როგორი მავნებლები არიან სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა.
️სწორედ ამ სიმართლის დაფარვა სურდა სააკაშვილს, რომელიც მხოლოდ მას და მის გუნდს აზიანებდა და ჩვენ ნებსით თუ უნებლიეთ, ამაში შევუწყვეთ ხელი. მაგრამ ამ სიმართლის დაფარვა სააკაშვილს სურდა მხოლოდ ქართველებისთვის, რადგან მსოფლიომ ეს სიმართლე ტალიავინის დასკვნიდანაც იცოდა და თვითონაც, სააკაშვილი და მისი ხროვა, როცა საკითხი საერთაშორისო ფორუმებს ეხებოდა, ხელს აწერდა და აღიარებდა ამ სიმართლეს, ესენი ხომ გარეთ მხდალი და შინ ძლიერნი არიან და მხოლოდ ქართველებს გვედიდგულებოდნენ.
️ამიტომ, დღეს ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა სიმართლის თქმა. ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე და აღარ ვაპირებთ, ენა მოვუჩლიქოთ დამნაშავეებს და პირუთვნელად ვამბობთ, რომ სააკაშვილმა საკუთარი სკამი გადაარჩინა ამ ომის ხარჯზე. საკუთარ სკამში გადაიხადა 20% ჩვენი ტერიტორიებისა; საკუთარ სკამში გადაიხადა ამ ომში დაღვრილი ქართული სისხლი. დიახ, მთავარი სიმართლე არის ის, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილს დასჭირდა გაყალბებული არჩევნების შემდეგ საკუთარი ლეგიტიმაციის გასამყარებლად, რათა დაუსრულებლად ებატონა ქვეყანაზე და ხალხზე.
სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” პასუხი უნდა აგონ ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ აწი ვერავინ და ვერასდროს დედამიწის ზურგზე ვერ გაბედოს ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების დადანაშაულება ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმასა თუ ინსტანციაში”, – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები