მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგებს და მშობლებს შეხვდნენ

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი მიზანი სკოლაში არსებული გამოწვევების განხილვა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების განსაზღვრა იყო.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ მათ დეტალურად გააცნო განახლებული ინფორმაცია სკოლის საპროექტო და სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უწყება არსებული პრობლემების დასაძლევად აქტიურად განაგრძობს მუშაობას, მათ შორის  საკანონმდებლო დონეზე.

,,ფონდი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის 14-ე საჯარო სკოლის მშენებლობა დროულად დაიწყოს. სკოლის პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის მაისში დასრულდება, რის შემდეგაც გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი” – განაცხადა ქვარა ჩართოლანმა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, თბილისის N14 საჯარო სკოლის შენობას სრული დემონტაჟი ჩაუტარდება და მის ადგილას ახალი სკოლა აშენდება. N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები დროებით N154 საჯარო სკოლაში არიან გადანაწილებული.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე სკოლის შენობის ნაწილში უკვე წლებია 35 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის 18 ოჯახი დევნილის სტატუსის მქონეა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ორი ოჯახი საცხოვრებელი ფართით უკვე დააკმაყოფილა და მზად არის დარჩენილი 16 ოჯახის ეტაპობრივად უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება არადევნილ ოჯახებს, რაიონული გამგეობა მზად არის მათი ქირით უზრუნველყოფისთვის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სკოლის მოსწავლეების მშობლებს და ადმინისტრაციას, ეტაპობრივად, პროცესის მიხედვით მიაწვდის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა მაისურაძე და გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრის უფროსი ირმა კიკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები