“გული მტკივა ჩემი გარდაცვლილი ძმების საფლავზე” – ვინ არის მუხათგვერდში ატირებული ჯარისკაცი (ვიდეო)

0

გუშინ, აგვისტოს ომის დაწყების 11 წლისთავზე, სოციალური ქსელები მუხათგვერდში გადაღებულმა შემთხვევითმა კადრებმა მოიცვა.
ვიდეოში, სადაც მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, კადრში, უკან ქართველი სამხედრო მოსამსახურე ჩანს, რომელმაც ემოციები ვერ შეიკავა და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ატირდა.
“კვირამ” ექსკლუზიურად გაარკვია, რომ:
ჯარისკაცი, რომელმაც ემოციური ქმედებით საქვეყნო სიყვარული დაიმსახურა, კაპრალ-სპეციალისტი – გოგა კვირიკაშვილია.
32 წლის გოგა კვირიკაშვილი გორის რაიონის სოფელ ხელთუბნიდაა. დასაოჯახებელია და, ამჟამად, ვაზიანის მე-5 საარტილერიო ბრიგადაში მსახურობს. კაპრალ სპეციალისტს აგვისტოს ომში არ უბრძოლია, თუმცა, როგორც ამბობს, იგი ძალიან განიცდის იმ დღეების ტრაგიკულობასა და დაღუპულ მეომრების დანაკარგს.
“გული მტკივა და ყოველთვის მეტკინება ჩემი გარდაცვლილი ძმების საფლავზე. აგვისტოს ომში არ მიბრძოლია, მაგრამ ყველაფერი გავითავისე და ძალიან განვიცდი”, – ამბობს გოგა კვირიკაშვილი.
როგორც 32 წლის პატრიოტი ჯარისკაცი ამბობს, მისთვის ძალიან მძიმე და ემოციურია, როცა დაღუპული გმირების ოჯახის წევრების გლოვას ხედავს. სწორედ ამიტომ ვერ შეიკავა ცრემლები.
“ჩემთვის ემოციურია, როცა ვხედავ, მშობლები, ოჯახის წევრები მიდიან ჩვენი ქვეყნისთვის დაღუპული გმირების საფლავზე, ზედ ემხობიან და გლოვობენ ჩვენ გმირებს”, – აღნიშნავს იგი.
კვირიკაშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს ემოციების გამოხატვის არ რცხვენია და არც არასდროს შერცხვება ამის.
“როცა ამ ყველაფერს ვუყურებ, გულში ყოველთვის მეტირება და არც მერიდება ამის”, – დასძენს კვირიკაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ამ ტრაგიკული თარიღის გამო, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. სწორედ მუხათგვერდის სასაფლაოზე გადაღებულ კადრებში  შემთხვევით დააფიქსირეს სამეხდრო მოსამსახურე, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა. ამ ვიდეომ სოცქსელები ვირუსულად მოიცვა და ჯარისკაცმა ისე, რომ მისი სახელიც კი არ იცოდნენ, საქვეყნო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

კომენტარი