მოსკოვი 2008 წლის მოვლენებს აფასებს – რიტორიკა უცვლელია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 7 აგვისტოს, ღამეს მიხეილ სააკაშვილმა “სამხრეთ ოსეთის” წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
„რუსეთის მშვიდობისმყოფელების ბანაკზე იერიშის მცდელობა იყო, როდესაც 10 სამხედრო დაიღუპა. ჯამურად, კონფლიქტს 48 რუსი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 162 კი დაიჭრა.
ცხინვალის წინააღმდეგ აგრესია პროვოცირებული არ ყოფილა, რაც ტალიავინის დასკვნაშიც არის ნათქვამი, რომელიც 2009 წლის შემოდგომას გამოქვეყნდა.
სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა, ანალოგიური აქციის მომზადება აფხაზეთის წინააღმდეგ თბილისის მრავალწლიანი ძალადობრივი პოლიტიკის კულმინაცია გახდა და არ დაუტოვა ამ ხალხებს სხვა არჩევანი, თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსით დაეცვათ საკუთარი უსაფრთხოება და თვითმყოფადობის უზრუნველყოფა მოეხდინათ. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა 1970 წლის გაერო-ს დეკლარაციის, ეუთო-ს 1975 წლის შემაჯამებელი აქტისა და ფუძემდებლური საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად.
ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” სუვერენულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. ორივე რესპუბლიკას აქვს სახელმწიფოებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი, მათ შორის – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, აკონტროლებენ საკუთარ ტერიტორიას, ავითარებენ ეროვნულ ეკონომიკას, კულტურას, აქტიურად არიან ჩართულნი სამართლებრივი საზოგადოების მშენებლობაში.
რუსეთის ფედერაცია ახალგაზრდა რესპუბლიკებთან აქტიურად თანამშრომლობს, აღუთქვამს მათ ფინანსურ დახმარებას, მათ შორის, საინვესტიციო პროგრამების მეშვეობით. რუსეთის პოლიტიკა გამჭვირვალე ხასიათს ატარებს.
ამასთან, სამწუხაროა, რომ ვერც საქართველოში და ვერც დასავლეთში 2008 წლის მოვლენებიდან ვერაფერი ისწავლეს. იმის მაგივრად, რომ ძალისხმევა მიმართონ წარსულის ტვირთის მოშორებისკენ აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთთან” კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, ოფიციალური თბილისი და მისი აქტიური მხარდამჭერები – დასავლეთის დედაქალაქები, ანტირუსული ისტერიკის გამწვავებას აგრძელებენ, ნატო-ში საქართველოს უცერემონიოდ ჩათრევას ცდილობენ. ეს ჩიხია, რომელიც რეგიონს მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას ვერ მოუტანს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები