“რადგან საკითხი ეხებოდა მისი მუშაობის პერიოდს, მოხდა ნიკა გვარამიას გამოკითხვა და დაესვა შესაბამისი კითხვები”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, შეფასდა გვარამიას მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედებები.
„გამოძიება მიმდინარეობს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და, ასევე, ქონების გადამალვის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მოწმის სახით სასამართლოში გამოიკითხა ნიკა გვარამია. ეს პიროვნება იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი. ბუნებრივია, რადგან საკითხი ეხებოდა მისი მუშაობის პერიოდს, მოხდა მისი გამოკითხვა და დაესვა შესაბამისი კითხვები. მივიღეთ პასუხები. ამ პასუხების შეფასების შემდგომ დაიგეგმა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
დაიბარებენ თუ არა ნიკა გვარამიას ხელმეორედ დაკითხვაზე – ამ და გამოძიების დამატებით დეტალებზე პროკურორმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.