„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ – სოხუმის პასუხი თბილისს „საერთაშორისო ფრენების“ განხორციელების შესახებ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება შეაფასა, რომელიც სოხუმის მიერ „საერთაშორისო ფრენების“ დაუშვებლობას შეეხება.
„მორიგი და უკვე ჩვევაში გადაზრდილი აფხაზეთის მორიგი იზოლაციას მცდელობა. არ გამოგივათ. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, – დაწერა დაურ კოვემ Facebook-ის პირად გვერდზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
როგორც უწყებაში კვირას“ განუცხადეს, „საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათვლით, რათა დაცული იქნას ICAO-სა და საერთაშორისო სტანდარტები“.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), ბუნებრივია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საჰაერო სივრცის ერთიანობას. ICAO-ს წესდების მიხედვით, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე დაკეტილია 1993 წლიდან. ამგვარად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებასა და საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათვლით, რათა დაცული იქნას ICAO-სა და საერთაშორისო სტანდარტები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს “კვირასთვის” მიწოდებულ ინფორმაციაში
26 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სხდომა ჩატარდა, რომლის შედეგად გაირკვა, რომ დე ფაქტო მთავრობა დაბა ბაბუშერაში მდებარე აეროპორტიდან „საერთაშორისო ფრენების“ განხორციელებას გეგმავს.
დე ფაქტო მთავრობამ დადგენილებაც მიიღო, რომლის მიხედვითაც 1-ელ ნოემბრამდე უნდა მოხდეს ე.წ. რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების მიზნით ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მომზადება.
გეგმის თანახმად, სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაციაში მიღება მოხდება, საიდანაც რეგულარული „საერთაშორისო საჰაერო“ გადაზიდვები და ფრენები განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ „სოხუმს“ ფრენების განხორციელებისთვის სპეციალური კოდი სჭირდება, რომელიც მას სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – ICAO-მ 1993 წელს მოუხსნა, რადგან საქართველოს ერთიანობას ცნობს. იკაო-ს კოდის აღდგენისთვის კი სოხუმს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციაში შუამდგომლობა დასჭირდება.
თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო მთავრობას როსტოვის ოლქის საჰაერო სივრცეში მიბმა და მათი URAS-ის ოთხასოანი კოდის მიღება სურს.