იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს-ს კიდევ ერთი ახალი სერვისი დაინერგა

0

იუსტიციის სახლის ფილიალებში მომხმარებელი კიდევ ერთი ახალი სერვისის – „ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ” მიღებას 23 ივლისიდან შეძლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, სერვისის დანერგვისთვის საჭირო ყველა პროცესი დასრულებულია და უკვე დღეიდან მომხმარებელს სერვისის შეუფერხებლად, იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი ხარისხით მიეწოდება.
როგორც “კვირას” იუსტიციის სახლიდან აცნობეს, ​აღნიშნული სერვისი შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია. სერვისის დამატება იუსტიციის სახლის მომხმარებლისთვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ „ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ” არის დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე გაიცემა და ასახულია ინფორმაცია მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან/და გადმოკვეთის თაობაზე. სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალსა და მომსახურების სააგენტოების ტერიტორიულ ერთეულებში შეუძლიათ. ცნობის მომზადების ვადა და საფასური შეადგენს: 5 დღეში – 20 ლარს; 3 სამუშაო დღეში – 35 ლარს; 1 სამუშაო დღეში – 45 ლარს.
​იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს-ს სერვისების გაცემა 2017 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი – “ცნობა ნასამართლობის შესახებ” დაინერგა, რომლითაც დღემდე, იუსტიციის სახლის მეშვეობით, 42 000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა.
​იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების უფრო მეტი ეფექტურობისა და ყველა მომხმარებლისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, ორგანიზაციაში ახალი სერვისების დანერგვის პროცესი კვლავ გრძელდება.
უახლოეს მომავალში მომხმარებელი შსს-ს მომსახურების კიდევ ერთი სერვისის -„ცნობა ავტოსატრანსორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” მიღებას შეძლებს. მიმდინარეობს მუშაობა, სხვა უწყებების არაერთი სერვისის დანერგვის მიმართულებითაც, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას – კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.
​იუსტიციის სახლი ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებელს სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისს ერთ სივრცეში, მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში აწვდის.

კომენტარები

კომენტარი