შალვა თადუმაძე: თქვენ წინაშეა კანდიდატი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობის, სახელისუფლებო ურთიერთობებისა და მენეჯერული გამოცდილება აქვს

0

“თქვენ წინაშეა კანდიდატი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობისა და მენეჯერული გამოცდილება აქვს”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ გასაუბრებაზე განაცხადა. მისი თქმით, მისი გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის.
„18 წელზე მეტია, ვარ პროფესიაში და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ვიყავი წარმატებული ადვოკატი, საჯარო სამსახურში სერიოზულ თანამდებობაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე და ვარ წარმატებული ბრალმდებელი. დიდი გამოცდილება მაქვს ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის. ვიყავი 3 მთავრობის შემადგენლობის წარმომადგენელი, სახელისუფლებო ურთიერთობები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ვიცი ძალიან კარგად და მიმაჩნია, რომ ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის”, – აღნიშნა თადუმაძემ.
როგორც მან აღნიშნა, პროფესიული და მენეჯერული გამოცდილება აძლევს იმის საფუძველს, რომ იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი.
„ვმართავდი საადვოკატო კომპანიას, მთავრობის საპარლამენტო მდივნად მუშაობის პერიოდში კოორდინაციას ვუწევდი კანონშემოქმედებით ურთიერთობას, მქონდა ურთიერთობა სამინისტროებთან და ბევრი საკანონმდებლო ინიციატივამ გაიარა ჩემს ხელში ჩემი სამსახურის დასკვნების საფუძველზე, რაც მიმაჩნია, რომ ნებისმიერ სტანდარტს აკმაყოფილებდა. ასევე, უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მივიღე გარდამავალ დროს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის მცირე პერიოდში”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მან საქართველოს პროკურატურაში მუშაობისას მიღებულ გამოცდილებასა და ინსტიტუციის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც მივიღე – საქართველოს პროკურატურაში მივედი იმ დროს, როდესაც საქართველოს პროკურატურას ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით. შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურაში მივედი მარტო, არ მიმიყვანია ჩემი გუნდი და იმ გუნდით, რომელიც იქ დამხვდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და დიდი რესურსი აქვს, ერთი წლის მანძილზე შევძელი, პროკურატურა იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის. მე არ ვფიქრობ, რომ არის იდეალური პროკურატურა, მაგრამ იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც დამხვდა, შევძელი, რომ პროკურატურა დღეს არ არის უკანასკნელ რიგებში ნდობის ხარისხის მიხედვით. ჩემთვის საამაყოა, რომ პროკურატურა და სახალხო დამცველი რეიტინგების მიხედვით ერთმანეთს უტოლდება და ეს კიდევ დიდი გამოწვევაა პროკურატურისთვის. რაც მე შევძელი ერთ წელიწადში, მაძლევს უფლებას, ვთქვა, რომ მაქვს კარგი მენეჯერული გამოცდილება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი კომპონენტი, თუ რატომ უნდა გაკეთდეს არჩევანი არის ის, რომ თქვენ წინაშეა კანდიდატი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობის, სახელისუფლებო ურთიერთობებისა და მენეჯერული გამოცდილებაც აქვს”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი