ლაშა ტუღუში: თუ ხალვაშს ბოროტი განზრახვა არ აქვს, მაშინ დამატებითი გარანტიები, რომლებიც ჟურნალიტებს სჭირდებათ, რატომაა უარყოფილი?

0

“აუცილებელია, მოიძებნოს დამატებითი გარანტიები ჟურნალისტებითვის, განსაკუთრებით, ვგულისხმობ „კურიერსა“ და იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ძალიან მწვავე პროდუქტს ქმნიან”, – ამის შესახებ მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა უარი თქვა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, რომელიც მას ტელევიზიის ჟურნალისტებმა შესთავაზეს.
როგორც ლაშა ტუღუში აცხადებს, საბჭოს შექმნა ვითარებას დაასტაბილურებდა.
„სამწუხაროა, რომ წინადადება საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით არ მიიღო ბატონმა ხალვაშმა. ვფიქრობ, წინადადება იყო კონსტრუქციული, სასარგებლო „რუსთავი 2-სთვის“. სამწუხაროა უარი, ვინაიდან ეს იყო ერთი შანსი, რომელიც დაასტაბილურებდა ვითარებას, შექმნიდა გარკვეულ ბერკეტებს, გარანტიებს ჟურნალისტებისთვის, რაც არის მთავარი, შესაძლო სამიზნე მომავალში. აქედან გამომდინარე, უარყოფილი იქნა კარგი იდეა. რა იქნება ხვალ? ხვალ, ისევე – როგორც დღეს, არის საკმაოდ სერიოზული რისკები ჟურნალსიტებისთვის, მათი თავისუფლებისთვის. ჩვენ ამ რისკებზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაზღვიოთ ეს რისკები, შეიქმნას გარკვეული ინსტიტუციური გარანტიები ამ ადამიანებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ მესმის უარი საბჭოსთან დაკავშირებით. თუ ლაპარაკი იყო შემადგენლობაზე, საბჭოს წევრობის არაერთმა კანდიდატმა თქვა, რომ პერსონალიებზე არ არის აქ საუბარი, საბჭოში ვინ იქნება ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარი იყო ასეთი საბჭო შექმნილიყო, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებით, რომლებსაც „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტები ენდობიან, იმისთვის, რომ გაკვეული დაზღვევა განხორციელებულიყო იმისათვის, რომ ხვალ არ მიადგნენ და სხვადასხვა საბაბით არ დაითხოვონ ის ხალხი ტელევიზიიდან. ეს საბაბი შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს, მაგალითად ის, რომ ფული არ არის, რომ რეორგანიზაცია კეთდება და ა.შ. არ არის აუცილებელი პირდაპირ თქვან კონკრეტულ ადამიანზე, შენ კრიტიკულად ხარ განწყობილი ვიღაცის მიმართ და ამიტომ გიშვებთო. ასეთი გულუბრყვილო არავინ არის. მაგრამ არც ჩვენ ვართ გულუბრყვილოები, რომ ვერ ვხდებოდეთ, რანაირად შეიძლება, დახურო ის არხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის, რატომ არ სჭირდება დახმარება მესაკუთრეს. ეს გაუგებარია. მას აშკარად სჭირდება დახმარება, თუ არ აქვს ბოროტი განზრახვა. თუ არ აქვს ბოროტი განზრახვა, მაშინ დამატებითი გარანტიები, რომელიც ჟურნალიტებს სჭირდებათ, რატომაა უარყოფილი? ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. ამის შესაძლებლობებს იძლევა ქართული კანონმდებლობა, საერთაშორისო ნორმები. აუცილებელია, მოიძებნოს დამატებითი გარანტიები ჟურნალისტებითვის, განსაკუთრებით ვგულისხმობ „კურიერსა“ და იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ქმნიან ძალიან მწვავე პროდუქტს. არსებობს ის გზები, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს და სადღაც ზემოდან ვერ ალაპარაკებს ვერც მესაკუთრეს და ვერც მის წარმომადგენელს“, – განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“ არის ტელევიზია, რომელიც ქვეყანასა და საზოგადოებას სჭირდება.
„ამ ტელევიზიის როლი არის განუსაზღვრელად დიდი. ეს არის ტელევიზია, რომელიც თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში. ეს არის ტელევიზია, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას. ეს არის ტელევიზია, რომელიც ეკუთვნის ხალხს და ხალხის გულებში თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის საქმე, ამიტომაც ვნერვიულობთ და ვცდილობთ, რაღაც  ფორმებით დავეხმაროთ „რუსთავი 2-ს“. ახლა განსაკუთრებით უჭირთ იქ მომუშავე ჟურბნალსიტებს, ჩვენ არავის უნდა მივცეთ საშუალება, რომ ისინი შეავიწროვონ, სამსახურიდან გამოუშვან“, – განაცხადა ტუღუშმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი