მოსამართლე ირაკლი შენგელია ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს: რაღაც ზღვარი ხომ არსებობს, ეს როგორ უნდა იკადროთ, ვისთან ვართ შეთანხმებული, რა კითხვებს ვსვამთ?!

0

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების – ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას სერიოზული დარღვევები ფიქსირდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი – ირაკლი შენგელია “უსაფუძვლოს” უწოდებს.
მისი თქმით, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს.
„ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება. ფაქტობრივად, ცდილობთ, ჩრდილი მიაყენოთ ამ პროცესს, იმდენად ხართ ამ სურვილით შეპყრობილი, რომ ყველაფერს კადრულობთ. რაღაც ზღვარი ხომ არსებობს, ეს როგორ უნდა იკადროთ, ვისთან ვართ შეთანხმებული, რა კითხვებს ვსვამთ?! ჩვენ რა სირთულის კითხვებს ვსვამთ, იმის მეასედს ვერ სვამთ თქვენ. ყველაფრის თქმა ხომ არ შეიძლება, მაგრამ დაკვეთა გაქვთ, ისეთი მითითებები გაქვთ მოცემული, რომ ამგვარი რამ უნდა იძახოთ”, – განაცხადა შენგელიამ.
იუსტიციის საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დღეს სამ კანდიდატს მოუსმენენ.
ცნობისთვის, ანა დოლიძემ პროცესთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა.
“ფიქსირდება სერიოზული დარღვევები გასაუბრების პროცესში. ჩვენ ხშირად არ გვეძლევა საშუალება, რომ დავამთავროთ ჩვენი კითხვები. ჩვენ გვაწყვეტინებენ, იღებენ ჩვენს მიმართ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებებს, რაც მთავარია, დროში გვზღუდავენ”, – აცხადებს ანა დოლიძე.
საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი კი ამბობს, რომ გასაუბრებაზე დასმული კითხვების მიხედვით ნათლად ჩანს, ვისთან არიან შეთანხმებული წინასწარ და ვისთან – არა.
“ამაზრზენია, ამას სახელი არ ჰქვია და ამას სახელს დაარქმევს ხალხი”, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი