სალომე ზურაბიშვილი: როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, მშენებლობაზე 16 წლის ახალგაზრდის დაღუპვასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და აღნიშნავს, რომ 16 წლის მოზარდის სიცოცხლე კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა.

„როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია! სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე.

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიღება და დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფელი ნაწილია.

წელს სამუშაო ადგილზე 21 ადამიანი დაიღუპა, უბედური შემთხვევების უმრავლესობა სამშენებლო სექტორზე მოდის. მიუღებელია ეს სტატისტიკა და ის, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

16 ივლისს თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტზე ახალგაზრდა დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის არასრულწლოვანი იყო.

მშენებლობაზე 16 წლის ახალგაზრდის დაღუპვასთან დაკავშირებით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები