ათეა-მ შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის ფარგლებში პირველი ადგილობრივი სემინარი გამართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის – “მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები” ფარგლებში, პირველი ადგილობრივი სემინარი გაიმართა.
შეხვედრაში, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოეწყო, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, ნათია ღვინაშვილთან, ასევე, ასოციაციის თანამშრომლებთან, ტატიანა ბოკუჩავასთან და ავთანდილ ოსეფაიშვილთან ერთად, პროექტის ოთხი სამიზნე მუნიციპალიტეტის – ლანჩხუთის, ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის კულტურის, ტურიზმისა და არქიტექტურის სფეროების წარმომადგნელებმა მიიღეს მონაწილეობა.
როგორც “კვირას” ათეა-დან აცნობეს, სემინარზე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მირიან ქათამაძემ, ვიცე-მერთან, დავით ვერულიძესთან ერთად გახსნა, პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი ის ამოცანები და მიმართულებები, რასაც black sea cooperation-ი ახორციელებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი შავი ზღვის რეგიონში ისტორიული მწვანე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით – ინოვაციური ტექნოლოგიების კატალოგის შექმნას, ასევე საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევასა და ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციას ითვალისწინებს.
ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ვირტუალური სახელმძღვანელო, სადაც ასახული იქნება პროექტის ფარგლებში შერჩეული ისტორიული შენობებისა და ძეგლების ვიზუალური მასალა, ინფორმაცია ფლორასა და ფაუნაზე, ასევე, კლიმატურ პირობებზე, ბუნებრივ რეზერვებსა და დაცულ ტერიტორიებზე. მათივე განმარტებით, ერთობლივი ონლაინ კატალოგისთვის მომზადდება შავი ზღვის აუზის ისტორიული ტურიზმისა და მისი ასპექტების გზამკვლევი, რომელიც საქართველოს შავი ზღვის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
პროგრამის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ექსკურსია ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე კინტრიშის ხეობაში, რაც ვირტუალური გიდისთვის მასალების მომზადებასა და მისი ტურისტული დანიშნულების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
პროექტი ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG), ასევე რუმინეთის, საბერძნეთის, მოლდოვისა და უკრაინის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს, 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები