ირაკლი ოქრუაშვილი: ვაპირებ, „რუსთავი 2-ი“ს წილის 80 % ათამდე მებრძოლ ჟურნალისტს უსასყიდლოდ გადავცე
პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2-ის” დაბრუნებასა და ტელეკომპანიის 80%-იანი წილის ჟურნალისტებისთვის გადაფორმებას გეგმავს.
როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, თავის დროზე სწორედ ის იყო ტელეკომპანიის რეალური მფლობელი, რომელმაც წილი ნომინალურად ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დაიწყო მან დავა აქამდე – ოქრუაშვილის თქმით, დავას ის ტექნიკურად ვერ იწყებდა იქამდე, ვიდრე კომპანია ხალვაშს არ გადაეცემოდა.
“მას არასოდეს ეკუთვნოდა „რუსთავი2“. ის იყო ყოველთვის ნომინალური ფიგურა და წარმოადგენდა სხვას. ამ შემთხვევაში, წარმომადგენდა მე. ეს არის დადასტურებული შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც მე ვდავობ, მაგრამ ეს არ არის საინტერესო. კარგად მესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს „რუსთავი2-ის“ იმ ფორმატით არსებობას, როგორითაც არსებობდა დღემდე. იმის შენარჩუნება, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო და ქვეყანაში ისმოდეს თავისუფალი სიტყვა. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ბევრს შეიძლება, კითხვა უჩნდებოდეს, მე ვაპირებ ძალიან მარტივი რამის გაკეთებას. ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის 80% გადავცე ათამდე დამოუკიდებელ მებრძოლ ჟურნალისტს სრულიად უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან – ამ შემთხვევაში ხალვაშთან, თორემ ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან, რეალურად, იმისთვის, რომ “რუსთავი2” არ წაიღოს ივანიშვილმა და საქართველო არ დაემსგავსოს ჩრდილოეთ კორეას. ამაღამ ჩამოვდივარ და ხვალ უკვე ვაპირებ ამ ჟურნალისტებთან შეხვედრას. მონახაზი მაქვს, ვის შეიძლება, ვესაუბრო ამ თემაზე, შევთავაზებ ჩემს პირობებს. მათი მხრიდან მზაობის შემთხვევაში მათ გადავუფორმებ ამ ყველაფერს, დაახლოებით – 80%-ს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა “კურიერთან” საუბარში.
ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოსგან ითხოვს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წილების დაყადაღებას. ადვოკატის მტკიცებით, დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე ემოქმედა „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით და თუ ამ პირობას დაარღვევდა, ვალდებული იყო, ოქრუაშვილისთვის ჯარიმის სახით გადაეხადა – 7 მილიონი აშშ დოლარი.