მამუკა ბახტაძე: ქართული სპორტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ, როდესაც ქართველები ვდგავართ ერთად, ძალიან დიდ შედეგებს ვაღწევთ

“ქართული სპორტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ქართველები ვდგავართ ერთად და ერთსულოვნად, ვაღწევთ ძალიან დიდ შედეგებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.
​პრემიერის თქმით, ახალგაზრდები და სპორტული მიმართულება მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია და ქართული სპორტის წარმატებები ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა და ახალმა პროგრამებმა შედეგი გამოიღო.
„2018 წელი იყო ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში, როდესაც ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედლით გაგვახარეს. დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ეს, ამავე დროს, ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, ახალ პროგრამებს, რომლებიც სპორტში ახალგაზრდების უფრო მეტ ჩართულობას გულისხმობს, უკვე კონკრეტული შედეგი მოაქვს. ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მინსკში ჰქონდათ უნიკალური შედეგი და ევროპის კონტინენტზე მედლების რაოდენობით ჩვენმა ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩვენ, ასევე, გავხდით ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრე, რომლის მიხედვითაც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში საქართველო უმასპინძლებს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ბაქოში ასევე მაქსიმუმს გააკეთებს. თქვენ ხართ ქართული დიდი სპორტის ხვალინდელი დღე, საქართველო ამაყობს თქვენით”, – მიმართა პრემიერმა სპორტსმენებს.
​ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაქოში 21-27 ივლისს გაიმართება. თამაშებში მონაწილეობას ევროპის 50 ქვეყანა მიიღებს. სპორტსმენთა ასაკი 19 წელს ქვემოთაა. პროგრამაში სულ სპორტის 10 სახეობაა. საქართველოს დელეგაცია 6 სახეობაში 36 სპორტსმენით იასპარეზებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები