პაატა სალია: ქიბარ ხალვაშის პოზიცია ნიკა გვარამიასთან მიმართებაში არის ცალსახა, ის გათავისუფლებულია თანამდებობიდან

ქიბარ ხალვაშის პოზიცია ნიკა გვარამიასთან მიმართებაში არის ცალსახა, ის გათავისუფლებულია თანამდებობიდან, – ამის შესახებ  „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გეგმავს არხის ყოფილ ხელმძღვანელთან, ნიკა გვარამიასთან და იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მენეჯმენტის ნაწილში.

როგორც პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის შენობაში შესვლამდე განაცხადა, ტელევიზიაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.

„სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ ის არ აპირებს ჩაერიოს და არ ჩაერევა, სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა გექნებათ. კონკრეტული ამოცანა მაქვს განსაზღვრული და ამ მიმართულებით არ უნდა ჩავერიო, არ უნდა შევეხო საერთოდ ამ სფეროს. ჩემი სფეროა, შევისწავლო სამართლებრივი, ფინანსური მდგომარეობა. მარტო მე არა, მას სჭირდება მოწვეული სპეციალისტები, მაქსიმალური გამჭვირვალობით, ვეცდებით, შევისწავლოთ, გავიგოთ, რა გადაიბარა ამ კომპანიის სახით ახლა ქიბარ ხალვაშმა, რომ შემდგომი შეუფერხებელი განვითარების გეგმა განვსაზღვროთ. ამისთვის ვარ დღეს მოსული, რომ შევხვდე ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს. ვგეგმავ ნიკა გვარამიასთან და სხვებთან შეხვედრას ვინც პასუხისმგებელია არა ჟურნალისტების, არამედ მენეჯმენტის ნაწილში. არ ვგეგმავთ საკადრო ცვლილებებს. დღეს დავურეკე ნიკა გვარამიას, არ მიპასუხა, მივწერე, არ მიპასუხა, ვუთხარი, მოსვლა მინდა და მენეჯმენტთან შეხვედრა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშის პოზიცია ნიკა გვარამიასთან მიმართებაში არის ცალსახა, ის გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

„ნიკა გვარამიას კონტრაქტთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ერთ-ერთი მიზანი აქ მოსვლის არის, რომ გავეცნო ყველა დოკუმენტს“, – განაცხადა სალიამ.

ამ დროისთვის პაატა სალია ნიკა გვარამიას ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები