სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქაერო ნავიგაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლები IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქაერონავიგაციის წარმომადგენლები საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) საავიაციო უსაფრთხოების და საფრენოსნო ოპერაციების ევროპის რეგიონალური დირექტორს ჯანკარლო ბუონოსა და ამავე ორგანიზაციის ევროპის ბიუროსა და რეგიონალური (უკრაინა, საქართველო, სომხეთი) წარმომადგენლობის სხვა ოფიციალური პირებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების პერსპექტივები და საავიაციო უსაფრთხოების კუთხით IATA-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო საავიაციო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნებიდან გამომდინარე, ასოციაციის საექსპლუატაციო უსაფრთხოებისა (IOSA) და მიწისზედა მომსახურების (ISAGO) აუდიტების შედეგების საავიაციო ხელისუფლებისთვის გაზიარების და სხვა მონაცემთა ურთიერთგაცვლის საკითხებს.

შეხვედრაზე IATA-ს წარმომადგენლები გამოვიდნენ ინიციატივით, დახმარება აღმოუჩინონ ქართულ მხარეს საჰაერო სივრცის განვითარების ეროვნული სტრატეგიის (National Airspace Strategy) დოკუმენტის შემუშავების პროცესში. აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე.

საუბარი ასევე შეეხო IATA-ს მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილ საქართველოს საავიაციო ბაზრის სექტორული ანალიზს და მის მომზადებასთან დაკავშირებულ ტექნიკური საკითხებს. როგორც აღინიშნა, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ შეფასდება ქვეყნის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები და საავიაციო ბაზარზე დაშვების საკითხი, აგრეთვე ქვეყნის სავიზო პოლიტიკა, მგზავრთნაკადის ზრდის ტენდენციები, კონკურენტუნარიანობა და ტარიფები, საჰაერო ტრანსპორტის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, დარგში დასაქმებული სპეციალისტები რაოდენობა და სხვა პარამეტრები. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა უწყების ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდების და სხვა უწყებებიდან/ინდუსტრიიდან მიღებული მონაცემების დამოწმების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საავიაციო ბაზრის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო შესაძლებლობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები