ათეა-ს ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, მრავალეთნიკური/მრავალკულტურული მუნიციპალიტეტების თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

0

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ქობულეთში, ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, მრავალეთნიკური/მრავალკულტურული მუნიციპალიტეტების თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას, რომელსაც ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის, ქობულეთის, წალკისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე უძღვებოდა.

როგორც “კვირას” ათეა-დან აცნობეს, ნათია ღვინაშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის ამოცანები გააცნო და აღნიშნა, რომ შეხვედრის ძირითად მიზანს მსგავსი გამოწვევების მქონე მუნიციპალიტეტების თანამშრომლობითი პლატფორმის შექმნა, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის რელევანტური პრობლემების გადაწყვეტის ერთობლივი და ერთიანი გზების ძიების პრაქტიკის დამკვიდრება წარმოადგენს.
პროექტის ექსპერტებმა – ნინო ზურაბიშვილმა და კახა გურგენიძემ N4ED-ის ძირითად კომპონენტებზე, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამისა და CLLD მეთოდოლოგიის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე გაამახვილეს ყურადღება.
თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელზე კომენტარი გააკეთა ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მელუამაც.
„CLLD მეთოდოლოგია და LAG-ის (Local Activity Group) შესაძლებლობები, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმის პარალელურად, დასახლების ეკონომიკური განვითარების მექანიზმადაც უნდა განვიხილოთ. ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთ იცის, რა სახის ეკონომიკური განვითარება იქნება მისთვის მეტად ხელსაყრელი. ტერიტორიული ერთეულის სათათბირო ორგანო, რესურსებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, უკეთ განსაზღვრავს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესს და დასახავს კონკრეტულ გეგმას შემოსავლის თანმიმდევრული ზრდის მისაღწევად“, – აღნიშნა ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
თემატური ჯგუფის შეხვედრაზე ნათია ღვინაშვილმა, ასევე, პრეზენტაცია სახელწოდებით „ათეა-ს გენდერული თანასწორობის პროგრამა“ წარადგინა.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ ვითარებაზე, სტატისტიკაზე, პრობლემატურ საკითხებზე, აგრეთვე სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და ძირითადი აქცენტები მსგავსი პრობლემების გადაჭრის საერთაშორისო და საუკეთესო გამოცდილებაზე გააკეთა.
ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების პრეზენტაციებს დაეთმო, სადაც თითოეულმა მათგანმა გენდერული თანასწორობის დაცვის კუთხით მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება წარმოადგინა. შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
ღონისძიების დასასრულ, მონაწილეები მუშაობის პრინციპებზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, კვლევით ცენტრ – PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს. N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი