კარასინი: რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს კვლავ განიხილავს

0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი კვლავ განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს.
ამის შესახებ კარასინმა „იზვესტიას“ განუცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზებაშია დაინტერესებული და უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებებისთვისაც არის მზად, თუ ამგვარ სურვილს ქართული მხარეც გამოიჩენს.
„საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი რუსეთის ხელისუფლების ყურადღების ცენტრში იყო და არის. ვფიქრობ, თბილისის რეალური ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ იქნება მიმართული, დააბრუნებს საკითხს ორმხრივ დღის წესრიგში“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
დიპლომატმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება კეთილგონიერებას გამოიჩენს და ავიამიმოსვლის აღსადგენად სამ პირობას შეასრულებს.
„ესენია: საქართველოში ვითარების დასტაბილურება; რუსოფობური კამპანიის შეწყვეტა; და რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე სახის საფრთხის არიდების უზრუნველყოფა. ეს დასაბუთებული და ადეკვატური რეაქციაა“, – დასძინა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი