ლევან ნიკოლეიშვილი: თუ „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთში პარლამენტის „სამივლინებო ფურცლით“ ჩავიდოდა, ეს ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა

“თუ „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთში ჩავიდოდა პარლამენტის „სამივლინებო ფურცლით“ ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელი იქნებოდა”, – ამის შესახებ ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს.    მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკოლეიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა.
„თუ „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთში ჩავიდოდა პარლამენტის „სამივლინებო ფურცლით“, ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელი იქნებოდა, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ, მაინც ეს ჩემი მხრიდან აღიქმებოდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს უშუალო დავალებით, თუ არა თანხმობით მიდიან ამ მივლინების განსახორციელებლად. რაც შეეხება იმას, რაც თავადაც განაცხადეს თავიანთ ბრიფინგზე – ეს არ არის საპარლამენტო მივლინება, ეს არის მათი პარტიული, პირადი მიზანი იმისთვის, რომ ჩავიდნენ რუსეთში და შეხვდნენ იმ ადამიანებს, ვინც მათ მიაჩნიათ მიზანშეწონილად. ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ.
მეორე საკითხია – მე ჩავიდოდი  თუ არა. მესამე საკითხია, ვთქვათ, გაიმართოს რაღაცა კონფერენცია, სემინარი, სადაც რუსი ექსპერტები დაესწრებიან და მივიღე ასეთი მოწვევა, დავფიქრდებოდი, ავწონ-დავწონიდი. თუ მივიჩნევდი, რომ ეს საჭიროა იმისთვის, რათა ჩემი აზრი გამოვხატო, ხელშემწყობი იქნება რაღაც პროცესებისათვის, ალბათ, მივიღებდი მონაწილეობას”, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები დღეს მოსკოვში ჩადიან, სადაც, მათი თქმით, რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებს შეხვდებიან და საქართველოს მიმართ სანქციების შერბილების შესახებ ისაუბრებენ.
„ყველამ ვიცით, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ძალიან დაიძაბა ისედაც რთული ურთიერთობა რუსეთთან. შეწყდა გზავნილები, 40 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა, შეწყდა პირდაპირი ფრენა, ასევე, აღარ გავა ჩვენი პროდუქცია რუსეთის ფედერაციაში, ანუ ჩვენ, ფაქტობრივად, სერიოზული ეკონომიკური ზარალი განვიცადეთ.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ სურს, აამოქმედოს სანქციები; მაგრამ, მიუხედავად ამისა, დუმამ მაინც გადაუგზავნა მთავრობას სასანქციო პაკეტი. აქედან გამომდინარე ზუსტად იმისთვის ჩავდივართ, რომ პრევენციულად გავესაუბროთ ჩვენს რუს კოლეგებს და ვთხოვოთ გამოიწვიონ ეს პაკეტი, რომ არ ამოქმედდეს სანქციები“, – განაცხადა გიორგი ლომიამ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები