აკაკი ზოიძე: პროკურატურის კადრებია რეალობა და არა ის, რაც მათი ტელევიზიების მხრიდან მოგვაწოდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ზოიძემ გენერალური პროკურატურის მიერ ნიკა მელიას საქმეზე დღეს გავრცელებული ინფორმაციისა და კადრების შეფასებისას, განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები არის რეალობა და არა ის კადრები, რომლებიც მათი ტელევიზიების მხრიდან გავრცელდა. ზოიძე ასევე აცხადებს, რომ ნიკა მელიამ, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი მართლმსაჯულების წინაშე და გასცეს კითხვებზე პასუხი.
„პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ვინც ნახავს, ოდნავ მაინც ობიექტური ადამიანი, არ შეიძლება, კითხვა არ გაუჩნდეს ნიკა მელიასა და სხვა ლიდერებთან დაკავშირებით, იმ ძალადობრივ შტურმზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოზე მიმდინარეობდა რამდენიმე საათის განმავლობაში. ვითომ მშვიდობისკენ მოწოდებით და მოლაპარაკებებისკენ მოწოდებით, პარალელურად, მიმდინარეობდა შტურმი პოლიციელებზე. სწორედ ამ კადრებმა, მტკიცებულებებმა გადაგვაწყვეტინა მეც და ჩემ კოლეგებსაც იმ დღეს, როდესაც ნიკა მელიას საკითხი განიხილებოდა იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომ მწვანე ღილაკისთვის დაგვეჭირა ხელი, დამატებითი პრივილეგიები მოგვეხსნა მისთვის. მან, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი მართლმსაჯულების წინაშე და გასცეს კითხვებზე პასუხი. კითხვები არ შეიძლება, არ ჩნდებოდეს იმ კადრების ხილვის შემდეგ, რაც პროკურატურის მხრიდან გასაჯაროვდა. ეს არის რეალობა და არა ის, რაც მათი ტელევიზიების მხრიდან მოგვაწოდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები