გია გაბრიჭიძე: გიორგი გახარიამ სხვა საფეხურზე აიყვანა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობა, ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი იყო 20 ივნისის ღამით უცხოელი დიპლომატების პარლამენტში ყოფნა

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ტვ პირველის“ გუშინდელ ეთერში გიორგი გახარიას სტუმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობა მაღალ საფეხურზე აიყვანა.

მისი თქმით, შს მინისტრმა საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა დეტალი განმარტა.

„მოკლედ რომ ვთქვა, გუშინდელმა „რეაქციამ“ აშკარად აჩვენა, რომ გიორგი გახარიამ სულ სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე სენსიტიური რგოლის – შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 20 ივნისის ღამით უცხოელი დიპლომატების პარლამენტის შენობაში ყოფნა, რითიც, ფაქტობრივად, სახელოში ოპონენტების წინააღმდეგ ჯოკერი შეინახა (ალბათ, იცით, რომ ელჩები ეგზალტირებული პროტესტანტების სანახავად ღამღამობით საკუთარი ინიციატივით არ დადიან).

მეორე მომენტი იყო ზუსტი და მაღალი რანგის ჩინოვნიკის პასუხები წამყვანის მცდელობაზე, გულის აჩუყების რეჟიმში გადაეყვანა დიალოგი, რითიც მაყურებელში ორმაგად ანტიგახარიული დამოკიდებულება გაეღვივებინა (ზოგში როგორც სისხლისმსმელის, ზოგში როგორც უნიათოს).

გახარიამ თქვა ის, რაც ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის საქმის მცოდნე და შემსრულებელ მინისტრს უნდა ეთქვა.

და უმთავრესი – მან განმარტა საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა დეტალი, ბრძანების გამცემიდან დაწყებული, გაგრძელებული შეჭრისა და მოგერიების ზუსტი აღწერით (იმ ავადსახსენებელი ტყვიების ჩათვლით) და დასრულებული პასუხისმგებლობის თემით (პასუხს აგებს ყველა, ვინც ჩაიდინა გადაცდომა და ყველა, ვინც წააქეზა შტურმი, თუ მონაწილეობა მიიღო. თავადაც გასცემს პასუხს პროკურატურის შეკითხვებს).მოკლედ რომ ვთქვა, გუშინ გახარიამ ქვეყანაში ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ახალი და კარგი ეტაპის დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა“, – წერს გია გაბრიჭიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები