სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ რუსეთს აღადგინოს საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა

0

“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან”, – ამის შესახებ “ამერიკის ხმის” სპეციალურ კორესპონდენტს სინდი სეინს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.
კომენტარი საქართველოში ბოლო ერთი კვირის მანძილზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის რეაქციაზე გაკეთდა.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოში ჩასული უცხოელი ტურისტები მთელი მსოფლიოდან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და იქ მათ კარგად ხვდებიან. ამასთან ერთად, აშშ-ის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს მოერიდოს ნეგატიური ზომების მიღებას, მათ შორის – სანქციების დაწესებას.
“ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია”, – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

კომენტარები

კომენტარი