ეროვნული ბიბლიოთეკის კარტოგრაფიის მუზეუმი რუსეთის მიერ დადასტურებული საქართველოს რუკებით დაკომპლექტდება
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ეროვნული ბიბლიოთეკა, პუტინის ინტერპრეტაციის კვალად, ძალიან მალე გახსნის კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტს, სადაც საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საქართველოს რუკები იქნება წარმოდგენილი – მათ შორის პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის მიერ დადასტურებული. ამ კაბინეტის სტუმრები, სხვებთან ერთად, იქნებიან ელჩები საქართველოში და სხვა უცხოელი სტუმრები. ამავდროულად, შეიქმნება კაბინეტის ელექტრონული ვერსიაც. ეს ყველაფერი პუტინის კარნახით არ კეთდება. რუკები წლების მანძილზე გროვდებოდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. უბრალოდ, ახლა მას საერთაშორისო ელფერს შევძენთ.
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაზე საშიში და ხანგრძლივად მოქმედი ბომბი იმ სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ, სიტყვაა, ანუ დღევანდელ ენაზე რომ ვთქვათ – საინფორმაციო ომია საფრთხეთა შორის უპირატესი. შეიძლება ზოგიერთს ამხანაგი პუტინის ვერსიაზე საქართველოს ისტორიის შესახებ, აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით, გაეცინა კიდეც. გაეცინა და თქვა: ,,რა მობოდა, ეს ხომ ყველამ იცის?“ ვინ ყველამ?!
1) უამრავ უცხოელ კოლეგასთან მიწევს შეხვედრა, საქართველოს შესახებ ძალიან, ძალიან ცოტა იციან. რუსული ფულით გამართული პროპაგანდით კი აქტიურად იჟღინთება ყველა კუნჭული;
2) სამშვიდობო ლიტერატურულ ფორმატში შევხვედრივარ აფხაზ მწერლებს. მათი ცოდნა ძირითადად ამ ინტერპრეტაციას ეფუძნება, მით უფრო, ახალი თაობის. არადა წლების მერე, როცა ერთმანეთს უნდა დავუბრუნდეთ, ეს ,,ცოდნა” ძალიან შეგვიშლის ხელს.
მტერი მზაკვარია და გამოცდილი, ჩვენ – ხან გულუბრყვილოები. მთავარ ამბად მისი გამოსვლიდან კეთილი მეფის როლი ავარჩიეთ და სანქციების აცილების გამო ლამის ვაშა ,,ურად” გადავაკეთეთ. ძალიან ცხადად მესმის სანქციის მავნებლობაც და ყოველთვის პრაგმატული პოლიტიკის მომხრე ვარ რაღაც საზღვრამდე. ეს საზღვარი იქ გადის, სადაც ჩვენ, აქეთ სახლ, მიწა და ადამიანებწართმეულმა ხალხმა, თურმე მადლობა უნდა ვუხადოთ პუტინს და რუსულ იმპერიალიზმს მხოლოდ იმის გამო, რომ მათი დეპუტატი არ მოგვეწონა საკუთარ პარლამენტში და ა.შ. ,,ვორონცოვის კომპლექსი” უნდა დავძლიოთ და კახაბერს კახაბერი დავარქვათ. და უნდა ვიმუშაოთ ბევრი, ძალიან ბევრი. ხშირად ველაპარაკოთ მსოფლიოს, გავიტანოთ ჩვენი დიდი კულტურა, მოვუყვეთ მნიშვნელოვანი ტრადიციების შესახებ, გავხსნათ ქართული ცენტრები, არ გავაყალბებინოთ ისტორია. ეს არის ახლა ჩვენი ბრძოლის ველი“, – აცხადებს გიორგი კეკელიძე.