ირაკლი ბერაია: საზოგადოება “ნაცმოძრაობის” პროვოკაციულ ქმედებებს არ უნდა აჰყვეს

პარლამენტის წევრის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება.
„ეკონომიკის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ლარის კურსის სტაბილურობას სჭირდება ქვეყნის სტაბილური ვითარება და პოზიტიური მოლოდინები. ნებისმიერი სახის დესტრუქცია მოქმედებს როგორც ინვესტიციებზე, ასევე – ლარის კურსის გაუფასურებაზე.
დღეს ქვეყანაში ვხედავთ სიტუაციას, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა საშუალებით ცდილობს მიზნის მიღწევას, რასაც ხელისუფლებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება წარმოადგენს და ამისთვის ისინი ანტისახელმწიფოებრივ და ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებს ახორციელებენ. ამ დღეებში , რუსეთის მხრიდან სანქციების არდაწესება საქართველოსთვის შვებით ამოსუნთქვის საფუძველი გახდა და ეს ყველასთვის მისაღები იყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რადგან მათი ინტერესია, რომ ქვეყანა რთულ ეკონომიკურ ვითარებაში იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას”, თავისი განშტოებებითა და ტელევიზიით, იმის ნაცვლად, რომ ინვესტიციები შემოდიოდეს, ურჩევნია, ჭურვები ცვიოდეს ქვეყანაში. რუსი ტურისტების შემოსვლას რუსი ჯარისკაცების შემოსვლა ურჩევნიათ. როდესაც ქვეყანაში კონკრეტული ძალა ცდილობს პოზიტიური ძვრების ნაცვლად დესტაბილიზაციის კერები შექმნასა და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ეს ეკონომიკასა და ინვესტიციებზე მოქმედებს.
მოვუწოდებ საზოგადოებას, არ აჰყვეს იმ პროვოკაციებს, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს, რადგან მათ, როგორც პოლიტიკურ ძალას, პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ ცხადყო“, – განაცხადა ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები