გავრილოვი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს რუსეთის გამოცდილების გაზიარება შეუძლია
“საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ამ ქვეყანას არ აწყენდა, რუსეთისგან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილება გაეზიარებინა”, – ფიქრობს რუსეთის დუმას კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი. ინფორმაციას რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
გავრილოვმა აღნიშნული განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც რუსეთის სახალხო დამცველი – ტატიანა მოსკალკოვა ესწრება.
„სამწუხაროა, რომ საქართველო არ შედის ომბუდსმენების ევრაზიულ ალიანსში, რადგან შიდაპოლიტიკური მდგომარეობისა და საქართველოს იმიჯისთვის, ამ ქვეყნის განვითარების დემოკრატიული მოდელის ჩამოყალიბებისთვის კარგი იქნებოდა, გადაეღო ადამიანის უფლებათა სფეროში საქმიანობის ჩვენი გამოცდილება“, – განაცხადა გავრილოვმა კომიტეტის სხდომაზე.