დუმას საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი -“მზად ვართ, საქართველოსთან ურთიერთობებში ჰარმონია აღვადგინოთ”
“რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია, თუ საქართველოს ეს სურს”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული სააგენტო “ტასი” ავრცელებს.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველამ უნდა მოვიხმოთ ჯანსაღი ძალები ქართულ საზოგადოებაში იმ სირთულეების მიუხედავად, რაც ჩვენ ურთიერთობებში ხდება, გადავლახოთ ის უბედურება, რომელიც შეემთხვა ქართველ ერს – საკმაოდ აგრესიული და ძალიან ზედაპირული ნაციონალიზმის უბედურება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩვენს ურთიერთობებში ჰარმონია აღვადგინოთ, თუმცა იმ პირობით, თუ ეს საქართველოსა და მის ხალხს სურს“, – განაცხადა კოსაჩოვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის დუმამ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ემბარგოს დაწესების შესახებ. მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს “ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო” არ დააწესებდა.