გია აბაშიძე: თუ გვინდა, ქვეყნის პარლამენტში აისახოს საზოგადოების განწყობები, ნუ შევუშლით ხელს რაღაც ხელოვნური ულტიმატუმებით
„თუ გვინდა, ქვეყნის პარლამენტში აისახოს საზოგადოების განწყობები, ნუ შევუშლით ხელს რაღაც ხელოვნური ულტიმატუმებით“, – ეს განცხადება ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და 20-21 ივნისის მოვლენებსა და პროპორციულ არჩევნებზე ისაუბრა.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, „როდესაც მთელი საზოგადოება თანხმდება, ისევე, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ ყველაფერი წყდება მოლაპარაკებათა მაგიდასთან და მიგითითებენ ამისკენ, კეთილი უნდა ინებო, ხალხის ნებას და უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციებს დაემორჩილო, დაჯდე მოლაპარაკებათა მაგიდასთან და მიაღწიო იმ ძალიან დიდ მონაპოვარს, როგორიცაა პროპორციული არჩევნები 0%-იანი ბარიერით“.
მისი თქმით, ულტიმატუმების ენით კონსტრუქციულ ოპონირებაზე საუბარი ზედმეტია.
„როდესაც გინდა, ქვეყნის პარლამენტში აისახოს საზოგადოების განწყობები, 0,7%-ით თუ 1-2%-ით შევიდეს მემარცხენე, მემარჯვენე, ცენტრისტი, კონსერვატორი, ულტრალიბერალი, ულტრაკონსერვატორი, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ეს და ნუ შევუშლით ხელს რაღაც ხელოვნური ულტიმატუმებით. ვიყოთ კონსტრუქციულები და სახელმწიფო ინტერესებზე ვიზრუნოთ, ვიდრე პირადულ ნიუანსებზე“, – განაცხადა გია აბაშიძემ.
ამასთანავე, მისი თქმით, ის პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც წლებია გამოირჩევიან „ქართული ოცნების“ მიმართ უმწვავესი კრიტიკით, მაგრამ დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ე.წ. ბულინგის დამუნათების, მწვავე კრიტიკის საგანი გახდნენ და მათ მოღალატეები და გაყიდულებიც კი უწოდეს.