“ბატონი ტრამპი ღია ბრძოლაშია შესული “დიფ სთეითთან”; შესაბამისად, “დიფ სთეითის” დამარცხებასთან არის ყველაფერი დაკავშირებული” – მაჭავარიანი

“ჩვენ გვინდა, რომ ურთიერთობები აღდგეს, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ და ამერიკულ მხარეს ჩვენ ვთავაზობთ, რომ ეს ყველაფერი დაიწყოს კონკრეტული გზამკვლევით, სადაც გაიწერება დროსა და სივრცეში ყველა ის გადასადგმელი ნაბიჯი, რაც გადასადგმელია ჩვენი მხრიდან, რათა ორმხრივად სარგებლიანი იყოს ეს თანამშრომლობა”, – ამის შესახებ,  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, საუბარია არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელსაც აშშ-ში ფესვები აქვს გადგმული.

“ვიცით, რომ ბატონი ტრამპი ღია ბრძოლაშია შესული ამ ძალებთან – “დიფ სთეითს” უწოდებს. შესაბამისად, “დიფ სთეითის” დამარცხებასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული.

ჩვენი ურთიერთობების გაფუჭება, რაც მოხდა წინა ადმინისტრაციის პირობებში – ვიცით, რომ “დიფ სთეითს” დიდი გავლენა ჰქონდა წინა ადმინისტრაციაზე, მის მაღალჩინოსნებზე, რაზედაც ახლა ღიად საუბრობს დაზვერვის შეფი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ყველაფერი, ამ ურთიერთობების გაფუჭება “დიფ სთეითის” წამოწყებული იყო. შესაბამისად, ამ ურთიერთობის გამოსწორების წინაპირობა უნდა იყოს ის, რომ აშშ-ში “დიფ სთეითის” გავლენები შესუსტდეს, თუ დამარცხდება, მაშინ ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას და რეალური პარტნიორობის დაწყებას წინ ნამდვილად არაფერი უდგას.

ვერავინ ჩვენ, “ქართულ ოცნებას” ვერ დაგვძრახავს, რომ რაიმე ისეთი ტიპის ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, ან ისეთი გზავნილი გვაქვს გაშვებული, ან ისეთი ტიპის პოლიტიკური განცხადება გვაქვს გაკეთებული, რომელსაც შეეძლო, თეორიაში, ხელი შეეშალა ამ ურთიერთობების გადატვირთვაში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები