შალვა პაპუაშვილი: იმ ფონზე, რა დარტყმებსაც საქართველო იღებს, მათ შორის, ბრიუსელიდან და მიუხედავად მუდმივი იწილო-ბიწილოსი, დღეს საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, უსწრებს ყველას, მთელ ევროპასა და აზიაში

ზოგადად, 2030 წელი – ეს არის მთავარი სამიზნე, სადაც გვინდა როგორც ინსტიტუციურად წარმოვიდგინოთ, სად უნდა იყოს საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით, სად უნდა იყოს კეთილდღეობის თვალსაზრისით და სად უნდა იყოს საქართველო წინ წაწეული იმ მხრივ, რომ ჩვენ ორი მთავარი ამოცანა შევასრულოთ – აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ამაღლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე და განმარტა, რომ საქართველო ევროკავშირის მხრიდან „მუდმივი ჯანჯღარისა“ და „იწილო-ბიწილოს“ ფონზეც კი, ეკონომიკური ზრდის ტემპით, კონტინენტზე პირველი ქვეყანაა.

„საქართველოს, ჩვენს ამომრჩეველს საკმაოდ ამბიციური მიზნები შევთავაზეთ საარჩევნოდ, 2024 წლის არჩევნებზე. თუ სად გვინდა ვიყოთ 2028 წელს ამ მოწვევის ფარგლებში. თუმცა, ზოგადად, 2030 წელი – ეს არის მთავარი სამიზნე, სადაც გვინდა როგორც ინსტიტუციურად წარმოვიდგინოთ, სად უნდა იყოს საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით, სად უნდა იყოს კეთილდღეობის თვალსაზრისით და სად უნდა იყოს საქართველო წინ წაწეული იმ მხრივ, რომ ჩვენ ორი მთავარი ამოცანა შევასრულოთ – აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ამაღლება. ამ მხრივ, დღეს საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით და ეს უნდა იცოდეს ყველამ. იმ ფონზე, რა დარტყმებსაც საქართველო იღებს, მათ შორის, ბრიუსელიდან დარტყმები, კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემაზე, მოლაპარაკების გახსნა-არგახსნაზე იწილო-ბიწილო, ვიზაზე იწილო-ბიწილო… მოკლედ, ეს მუდმივი ჯანჯღარის თემებით, რომლებიც სინამდვილეში უნდა იყოს საზოგადოების ხელშემწყობი თემები, სამწუხაროდ, გამოიყენება იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს საქართველო უსწრებს ყველას მთელს ევროპაში და აზიაში. კონტინენტზე ვართ ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტემპით უკვე ბოლო 3 წელია – ყველას ვუსწრებთ. მოლდოვაზე რომ გაიმეორეს, რომ მილიარდს აძლევენ, სად არის მათი ეკონომიკური ზრდა, ნულის გარშემო ტრიალებს ყველა კანდიდატი ქვეყნის, აღარაფერს ვსაუბრობ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპები 10%-ით, 9%-ით, 8%-ით და ამ ტემპში ვტრიალებთ. ამ მხრივ ლიდერი ვართ. რატომ ვართ ლიდერი? იმიტომ, რომ ორიენტირებულები ვართ ჩვენს ინტერესებზე, ხალხის ინტერესებზე და არა გარე შემოთვლებზე, რომ ხან ვიღაცას სანქცია დავუწესოთ, ხან ვიღაცას ვეჩხუბოთ, ხან ვიღაცას წარბი ავუწიოთ იმის მიხედვით, თუ რა დღის წესრიგი აქვს სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები