ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეჩერების ნაბიჯს არ გადადგამს ევროკავშირი, რადგან ამ სიკეთით სარგებლობს დაახლოებით 60 ქვეყანა და გაჩნდება კითხვები, რაც ევროკავშირის რეპუტაციას ზიანს მიაყენებს
ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეჩერების ნაბიჯს არ გადადგამს ევროკავშირი, რადგან ამ სიკეთით სარგებლობს დაახლოებით 60 ქვეყანა და გაჩნდება კითხვები, რაც ევროკავშირის რეპუტაციას ზიანს მიაყენებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გარკვეულ თვეებზე გაწერილი პროცესი.
„შეწყვეტას სჭირდება აბსოლუტური კონსენსუსი, 27 ქვეყნის თანხმობა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის ქვეყნები, რომლებიც ამას არ დათანხმებიან, მაგალითად, უნგრეთი. თუმცა, გარკვეული ვადით ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას უნდა უმრავლესობის თანხმობა, 65% უნდა იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეჩერების ნაბიჯს არ გადადგამს ევროკავშირი, იმიტომ, რომ ამ სიკეთით საქართველოს გარდა სარგებლობს დაახლოებით 60 ქვეყანა. ვინაიდან, ჩვენ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ მიგვიცია ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის და ამის მიხედვით აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ერთ ქვეყანას შეიძლება შეუჩერონ დროებით ვიზალიბერალიზაცია, მაშინ იმ 60 ქვეყანასაც გაუჩნდება შეკითხვები და ძალიან სერიოზულად ზიანდება ევროკავშირის რეპუტაცია და ნდობა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის თემის წამოწევას შანტაჟად მიიჩნევს. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ დაამთხვიეს თარიღად აგვისტოს თვე, რადგან არჩევნებამდე სექტემბერი საქართველოში ყველაზე „ცხელი“ თვე იქნება.
„ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ხდება ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. კალენდრის მიხედვითაც ზუსტად ასეა დამთხვეული ყველაფერი“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.
დეპუტატის განმარტებით, როდესაც ევრობიუროკრატები დარწმუნდებიან, რომ შანტაჟით ვერ არევენ იმგვარად, რომ რევოლუცია გამოიწვიონ, ეს ყველაფერი გადაივლის მშვიდობიანად და ოქტომბრამდე ისე მივა ქვეყანა, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდება.