მადურო განმარტავს პირობებს, რის გამოც ვენესუელა აშშ-თან დიალოგზე დათანხმდება
ვენესუელა მზადაა შეერთებულ შტატებთან დიალოგისთვის, მაგრამ მხოლოდ პატივისცემის საფუძველზე და არა მუქარითა და ზეწოლით, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.
„ბატონო პრეზიდენტო ტრამპ, ფრთხილად უნდა იყოთ. რადგან [სახელმწიფო მდივანს] მარკო რუბიოს სურს, რომ თქვენი ხელები სისხლით დაისვაროს, სამხრეთ ამერიკის სისხლით, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სისხლით, ვენესუელის სისხლით. მათ სურთ, რომ თქვენი სახელი, ტრამპ, სამუდამოდ სისხლით დაისვაროს. ვენესუელას ხალხის წინააღმდეგ ხოცვა-ჟლეტით, სამხრეთ ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების წინააღმდეგ საშინელი ომით, რადგან ეს იქნება სრულმასშტაბიანი ომი მთელ კონტინენტზე. მათ სურთ, რომ დონალდ ტრამპის ხელები სისხლით დაისვაროს.
მაგრამ ის ჭკვიანი კაცია, დიახ, იცის, რა უნდა გააკეთოს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ხელთ არსებული კომუნიკაციის არხები აღდგება. თუ ასეა, მაშინ ყველანი ამის მომხრეები ვართ. პატივისცემით, ყველაფერი შესაძლებელია. თუ იქნება მუქარა და მაქსიმალური ზეწოლა, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მზადყოფნა და მაქსიმალური დაუმორჩილებლობა. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმისადმი დაუმორჩილებლობაში“, – თქვა პრეზიდენტმა.
8 აგვისტოს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ ინფორმაციისთვის, რომელიც მათ ვენესუელის პრეზიდენტის დაპატიმრებაში დაეხმარებათ, 50 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო გამოაცხადა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა 19 აგვისტოს აღნიშნა, რომ აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი მზადაა გამოიყენოს „ამერიკული ძალის ყველა ელემენტი“ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
აღნიშნული განცხადება ბოლივარიული რესპუბლიკის სანაპიროებზე ამერიკული სამხედრო გემების, მათ შორის სარაკეტო კრეისერის და ბირთვული თავდასხმის წყალქვეშა ნავის გაგზავნის შემდეგ გაკეთდა.
თავის მხრივ, კარაკასმა ეს ნაბიჯები პროვოკაციად და რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობად, ასევე კარიბის ზღვის რეგიონის დემილიტარიზებული და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სტატუსის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევად შეაფასა.
მანამდე მადურომ გამოთქვა განზრახვა, გამოეყენებინა ბოლივარიული მილიციის ძალები – დაახლოებით 4,5 მილიონი მილიციელი მთელი ქვეყნის მასშტაბით – რათა თავიდან აეცილებინა „იმპერიის“ ჩარევა ვენესუელას საქმეებში. სახელმწიფოს მეთაურმა მილიციაში მასშტაბური გაწვევა სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვის ეროვნული გეგმის ნაწილად მოიხსენია, რაც ტერიტორიული თავდაცვის ძალების გაძლიერებას და გარე საფრთხეებთან ბრძოლას გულისხმობს. მილიციისა და რეზერვისტების გაწვევა, მისი თქმით, შეერთებული შტატების აგრესიული რიტორიკის საპასუხოდ ხორციელდება.
ამ ფონზე, ვენესუელას მოკავშირეებმა – რუსეთმა, ჩინეთმა, ირანმა და ბოლივარიული ალიანსის ქვეყნებმა – დაადასტურეს რესპუბლიკის მხარდაჭერა და მოუწოდეს საერთაშორისო სამართლისა და რეგიონის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ.