ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რესტავრაციის პროცესი მომდევნო წლიდან დაიწყება
სურამში, ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რესტავრაციის პროცესი მომდევნო წლიდან დაიწყება. ფიზიკური სამუშაოების დაწყებამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთის საფუძველზე შენობის რესტავრაციის საპროექტო დიკუმენტაცია შპს „არტ ბილდინგის“ მიერ მომზადდება. მომდევნო წლიდან კი სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას სავარაუდოდ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობით განახორციელებს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის თანამედროვე სამუზეუმო სივრცედ მოწყობის პროექტს კომპანია „არტ ბილდინგი“ მომდევნო 3 თვის განმავლობაში მოამზადებს. პროექტირების ეტაპი სახლ-მუზეუმის კონსტრუქციულ გამაგრებასთან, ახალი არქიტექტურული სივრცეების აგებასთან და ინტერიერის მოწყობასთან ერთად, ეზოს გალავნის გამაგრებასაც გაითვალისწინებს. პროექტი ამავდროულად მოიცავს სახლ-მუზეუმის ეზოს ინფრასტრუქტურულ მოწყობას და საკომუნიკაციო სისტემების მოდერნიზებასაც.
სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, რაც სამშენებლო მოედნის მოწყობასა და სამუზეუმო ექსპონატების დაცულ სივრცეში გადატანაში აისახება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაკვეთის მიხედვით მომზადდება სახლ-მუზეუმის თანამედოვე მუზეოგრაფიის კონცეფცია და პროექტი, რაც სამომავლოდ სამუზეუმო სივრცეს მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს.
მემორიალური სახლის აღდგენისა და სამუზეუმო მოწყობის ინიციატივა საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს ეკუთვნის, რომელიც სარეაბილიტაციო პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.
არსებული გეგმის მიხედვით, ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროცესი 2020 წლის ბოლომდე გასტანს.
წინასაპროექტო მზადების პროცესს დაბა სურამში დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენ. დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩ – იგორ დოლგოვთან ერთად გაეცნო.
ლესია უკრაინკას მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლშია გახსნილი. მუზეუმის ფონდებში დაცულია ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხავა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი მწერალი გიორგი ლეონიძე იყო.