თამარ გვარამაძემ აქციის დროს დაკავებული პირები მოინახულა – „უმეტესობა მიუთითებდა, რომ დაკავებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია“

„გამოკითხვის დროს უმეტესობა მიუთითებდა, რომ პოლიციის მხრიდან დაკავების შემდგომ ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, თამარ გვარამაძემ პარლამენტის შენობასთან აქციის დროს დაკავებულ პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თამარ გვარამაძემ აქციის დროს დაკავებული პირები მოინახულა და მათ პირადად გაესაუბრა.
„გუშინდელი დღიდან საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ძალიან აქტიურად ვაკვირდებით საპროტესტო აქციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ წუხელ უკვე მოვინახულეთ რამდენიმე დაკავებული ადამიანი და დღეს დილიდან ვაგრძელებთ მონიტორინგის პროცესს. ამ ფარგლებში გახლდით შსს-ს შენობაში, სადაც, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დილიდან ჰყავდათ 27 ადამიანი დაკავებული, აქედან ორი ადამიანი ხელწერილით იქნა გათავისუფლებული, ორი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
პირადად მე და ჩემი კოლეგა გავესაუბრეთ 23 ადამიანს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლების საფუძველზე ჰყავთ დაკავებული. ეტაპობრივად მოხდება სასამართლოში მათი გადაყვანა. მათი უმრავლესობა არ ეთანხმება იმ საკითხს, რომ მათ, თითქოს, ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მიიჩნევენ, რომ მათ მსგავსი რამ არ ჩაუდენიათ. გამოკითხვის დროს უმეტესობა მიუთითებდა, რომ პოლიციის მხრიდან დაკავების შემდგომ ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა რამდენიმე აღნიშნავს, რომ დაკავების დროს ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას. ცალკეულ შემთხვევებში, ისინი ცემეს და ა.შ. რამდენიმე მათგანმა, რომელმაც განაცხადა, რომ აქვს დაზიანება და რაც ოქმებშიც არის დაფიქსირებული, ვთხოვეთ, რომ ეჩვენებინათ ეს დაზიანებები, რამდენიმე მათგანი დაგვთანხმდა და გვაჩვენა კიდეც. უმრავლეს შემთხვევაში არც დაზიანება აქვთ და მსგავს პრეტენზიასაც არ გამოთქვამენ”, – განაცხადა გვარამაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები