“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურის მასშტაბური დასუფთავების კამპანიის ფარგლებში 4 სპეცმანქანას შეიძენს (ვიდეო)
“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურის მასშტაბური დასუფთავების კამპანიის ფარგლებში 4 სპეცმანქანას – მექანიკური დაგვის ორ და 2 გადამრეცხ მანქანას შეიძენს. ქალაქის დასუფთავების კამპანია, რომელიც ადგილობრივ მერიასთან ერთად ხორციელდება, რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას მოიცავს, როგორიცაა: მადნის დასაწყობი პლაცდარმის მოწყობა, სადრენაჟე სისტემის მოწესრიგება, გზის სავალ ნაწილზე დაგროვილი ნარჩენების-მტვრის სპეცტექნიკით მორეცხვა და საკვანძო ადგილებზე მაღალი წნევით რეცხვის აპარატების დამონტაჟება.
აღსანიშნავია, რომ ახალი სპეცტექნიკა ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ქალაქის იმ ქუჩებს დაასუფთავებს, სადაც მანგანუმით დატვირთული ავტომანქანები გადაადგილდებიან. ასევე, გამოიყოფა სპეციალური მობილური ჯგუფი, რომელიც ცენტრალურ გზას დაასუფთავებს. მოეწყობა ბორდიურებიც, სადაც გადამრეცხი მანქანები იმოძრავებენ.
როგორც ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში ქალაქის უმნიშვნელოვანესი პრობლემა გადაჭრილი იქნება.
“დიდ პრობლემას წარმოადგენდა ქალაქში, მის მიმდებარე ტერიტორიებზე მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა, ამიტომ, “ჯორჯიან მანგანეზთან” ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას პლაცდარმი, სადაც მადნის დასაწყობება და ამ დასაწყობებული ადგილიდან რკინიგზით მისი გადაზიდვა მოხდება. სექტემბრიდან კი ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანები საერთოდ აღარ იმოძრავებენ.გვექნება 4 სპეცმანქანა, რომელიც ყოველდღიურად ამ ადგილს, ხოლო სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფი ცენტრალურ გზას დაასუფთავებს.
ყველა საკვანძო ტერიტორიაზე, სადაც მანგანეზის კარიერულად მოპოვება და ავტომობილებით გადაზიდვა ხდება, დამონტაჟდება მაღალი წნევით გადარეცხვის აპარატები, რათა ქალაქში სუფთა ავტომობილებმა შეძლონ გადაადგილება.
“ჯორჯიან მანგანეზმა” გამოთქვა მზაობა, დააფინანსოს ეს პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტი გაუწევს ადმინისტრირებას, რათა ფინანსების სწორი გადანაწილება მოხდეს”, – განაცხადა ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” სადრენაჟე სისტემის მოწესრიგებისთვის არხებს გაწმენდს, რომელებიც, ამჟამად, ლაფით არის დაფარული. კომპანია ყველა ღონისძიებას ახორციელებს, რაც დასუფთავების კუთხითაა ჩასატარებელი და იმედს გამოთქვამს, რომ ჭიათურის მოსახლეობა მალე იგრძნობს იმ მასშტაბური სამუშაოების შედეგებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტი კომპანიის სრული ხელშეწყობით ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ, “ჯორჯიან მანგანეზისა” და ქალაქის მერიის ორგანიზებით, ჭიათურაში დასუფთავების ფართომასშტაბიანი კამპანია 29 მაისს დაიწყო.
კომპანიისა და მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, “ჭიათურის დასუფთავების პროექტის” ფარგლებში, პირველი აქტივობა მდინარე ჯრუჭულას ხიდიდან დაიწყეს.