საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა სერგეი გავრილოვის გამოსვლა პროტესტის ნიშნად დატოვა

რელიგია და ეკლესია არის მშვიდობისა და მშვიდობიანი არსებობისთვის და არა ტერიტორიების ოკუპაციისთვის, – ამის სესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა, მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ განაცხადა.

ელჩის განცხადებით, ის არ ესწრება გავრილოვის სიტყვით მიმართვას.

„მე მხოლოდ უკრაინის ორთოდოქსული ეკლესიის სურვილზე გავაკეთებ კომენტარს. ყველა უკრაინელს სურს საკუთარი ეკლესია და რაც ვიცით და რაც მივიღეთ, ეს არის მკაცრი წინააღმდეგობა მოსკოვის მხრიდან“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეას რუსეთი თავმჯდომარეობს, უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება წევრებზეა დამოკიდებული, ვინ იმსახურებს პრეზიდენტობას.

„რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიები და დღესაც აგრძელებს ბრძოლას. დღეს ჩვენ გვყავს ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაჭრილი სამხედრო. ეს არის რუსეთი ჩვენთვის. ძალიან მარტივია, რაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქრისტიანული რელიგია და ეკლესია არის მშვიდობისა და მშვიდობიანი არსებობისთვის და არა ტერიტორიების ოკუპაციისთვის. სულ ეს არის. მე მეტი კომენტარი არ მაქვს“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები