მაია ცქიტიშვილი: ბაკურიანში არსებული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება

„ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქცენტს ე.წ. ინკლუზიურ ზრდაზე აკეთებს, რაც მუნიციპალიტეტებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას გულისხმობს, აღნიშნული ცენტრები კი  რეგიონში ახალი ტურისტული სივრცის წარმოქმნასა და საოჯახო ბიზნესის წახალისებას შეუწყობს ხელს”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს “პირველი არხის” გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
მინისტრმა განმარტა, რომ სამინისტრო პროექტებს  როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე წყალმომარაგების სისტემების მიმართულებით ახორციელებს.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებით სახელმწიფო ხელს უწყობს ე.წ. ინკლუზიურ განვითარებას, რაც რეგიონში ბიზნესისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასა და ხელშეწყობას გულისხმობს.
„ერთია, როცა ქვეყანაში ხდება, ზოგადად, ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის – მაგისტრალური გზებისაც, რაც საშუალებას გვაძლევს, ტურისტი ადგილზე მოვახვედროთ არა ოთხ ან რვა საათში, არამედ ბევრად ნაკლებ დროში. ეს ზრდის ვიზიტორთა რაოდენობას სხვადასხვა რეგიონში. მაგრამ როცა ვსაუბრობთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე, მაგალითად, შარშან კობი-გუდაურის საბაგირო გზა დავასრულეთ, რომელიც ახალ სივრცეს ქმნის. პრაქტიკულად, კობის განვითარების შესაძლებლობა გაჩნდა – ახალი სივრცე, რომელიც მანამდე ტურისტული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო იყო.
გვაქვს მცირე პროექტებიც, მაგალითად, ბაკურიანში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი პარკინგები, ვიზიტორთა ცენტრები. ტურისტულ ძეგლებთანაც, ასევე, ნიკორწმინდაში მალე დასრულდება მცირე ცენტრის მოწყობა. მცირე მაღაზია გაჩნდება და სხვა“, – განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები