“სამშენებლო წესების დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოსური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს”

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირს სამშენებლო ნორმების არსებითად დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
როგორც მდინარაძემ „პირველ არხს” განუცხადა, სამშენებლო ნორმებთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მიმდინარე კვირაში დარეგისტრირდება.
დეპუტატის თქმით, ახალი რეგულაციები პრევენციული ხასიათის იქნება, რაც თბილისში ქაოსური მშენებლობის დასრულებას უზრუნველყოფს.
„ეს ნებისმიერი სახის მშენებლობას ეხება. ინიციატივა იდეალურია იქედან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ადამიანი სამშენებლო წესების არსებითი დარღვევისთვის მკაცრად და სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოსური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს. წარსულში აშენებულს, რასაც ვერ ვუშველით და უსაფრთხოების პრობლემებიც არ იქნება, მოქალაქეებს საშუალება უნდა მივცეთ, ექსპლუატაციაში მიღებულ ბინებში იცხოვრონ”, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, თუ კონკრეტული შენობა უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, ვადა უნდა მიეცეთ სამშენებლო ნებართვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსასწორებლად.
„ერთი მხრივ, ექსპლუატაციაში შესვლის გამარტივება და მეორე მხრივ, ის, რომ ქაოსურ განაშენიანებასა და სამშენებლო ნებართვის არსებით დარღვევას ვეღარავინ შეძლებს, წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სამშენებლო ნორმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი თბილისის მერიამ მოამზადა, რომლის თანახმადაც, ზოგიერთი სამშენებლო დარღვევა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება, დასრულებულ მშენებლობებში მოქალაქეთა შესახლება საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე დაშვებული არ იქნება, ასევე, თბილისში 600-ზე მეტ ობიექტს, რომლებიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში შესული არ არის, ამნისტია შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები