ZEG – თბილისის ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იწყება

თბილისის მერიისა და „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi-ისა და Coda Story-ის ორგანიზებით, დედაქალაქი 2019 წლის 20-22 ივნისს, „ფაბრიკაში“ „სთორითელინგის“ – ამბის თხრობის პირველ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც საზოგადოებას გაუზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხს.
კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია – ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებაც ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.
სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ შორის Warner & Bro’s Pictures-ის ვიცეპრეზიდენტი – ქეით ადამსი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი – სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა “მასტერკლასის” დამფუძნებელი – აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი – ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები.
ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ „ამბის თხრობის” როგორც ტრადიციულ, ისე – ინოვაციურ მეთოდებს. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები და “ვორქშოფები” სპეციალურად ჟურნალისტებისთვის.
პროექტის მხარდამჭერები არიან: Windfor’s, „აჭარა ჯგუფი“, ამერიკის საელჩო საქართველოში, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ და „ფაბრიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები