ქვემო ქართლის რეგიონში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სადაც კალიის კერებია დაფიქსირებული.
როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ამ ეტაპზე, უკვე 1700 ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული. მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლის, შიდა ქართლსა და კახეთის რეგიონებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მაისიდან დაიწყო. სამივე რეგიონში, დღეისათვის უკვე დამუშავებულია 10 000 ჰა-მდე ფართობი. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.
კალიებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. წამლობა ხორციელდება ეფექტიანი პრეპარატებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლის გავრცელების არეალს.
სახელმწიფო, პროგრამის – „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში, ყოველწლიურად ატარებს მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ბრძოლას, მათ შორისაა კალია, რომელიც საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და მწვანე საფარს ანადგურებს. ბოლო წლებში, სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, იტალიური კალიის პოპულაცია რეგულირებადია.
„კალია საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს მწვანე საფარს. მავნებელი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისათვის“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები