დავით საგანელიძე: „განვითარების ბანკის“ შექმნის ვარიანტი არსებობს და რჩება, თუმცა ცოტა სახეცვლილი

„განვითარების ბანკის“ ვარიანტი, რა თქმა უნდა, არსებობს და რჩება, თუმცა, ცოტა სახეცვლილი, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორმა, დავით საგანელიძემ, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა რეფორმა ეკონომიკის სამინისტროს რეფორმასაც, რათა ეკონომიკის განვითარების პოლიტიკაც შეიცვალოს, საგანელიძემ განაცხადა, რომ საერთოდ, სამინისტროების ფუნქცია სისტემის სწორად მართვა და დარგის პოლიტიკის მართვა უნდა იყოს, დანარჩენი კი, ხშირ შემთხვევაში, ბიზნესს, თავისუფალ ბაზარს უნდა მივანდოთ.

ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა რეფორმის ფარგლებში უპირატესობის ინდუსტრიული განვითარებისთვის მინიჭება, საგანელიძემ აღნიშნა, რომ პრიორიტეტი მაღალტექნოლოგიური საწარმოების მშენებლობა უნდა იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ფონდის საქმე ის არის, რომ დააფინანსოს ის მიმართულებები, რომლებსაც კომერციული ბანკები არ აფინანსებენ, როგორც სტარტაპს, რადგან ეს მათთვის მაღალი რისკია.

„დღევანდელი კომერციული ბანკები, რომლებსაც ქართული ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით, ძირითადად, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებზე და მოკლევადიან საკრედიტო განთავსებებზე არიან ორიენტირებული და ეს თანხები ძირითათად, დეველოპმენტში მიდის, ინდუსტრიის სფეროში კი, შედარებით ნაკლებად. აი, ზუსტად ეს არის ამ ფონდის საქმე, რომ დააფინანსოს ის მიმართულებები, რომლებსაც კომერციული ბანკები არ აფინანსებენ, როგორც სტარტაპს, რადგან ეს მათთვის მაღალი რისკია და ვერც დაავალდებულებ, რადგან ის კერძოა. შესაძლოა, მას სახელმწიფოებრივი ხედვები აქვს და ძალიან უნდა, სახელმწიფო ძლიერი იყოს, მაგრამ შიგნით თავისი კერძო ინტერესები აქვს“, – განაცხადა საგანელიძემ.

როგორც „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორმა აღნიშნა, თავიდან, საქართველოს კომერციულ ბანკებს ძალიან დიდი შიში ჰქონდათ და ამბობდნენ, რომ სახელმწიფო საბანკო სექტორში შედიოდა და უნდოდა, მათი გარკვეული წილი წაეღო, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდნენ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ იმ ახალ მიმართულებებს ქმნიდა, სადაც კომერციული კლიენტები უკვე მათთვის იყვნენ საინტერესო.

„ჩვენ შევქმენით მთელი რიგი მიმართულებები ისეთ დარგებში, სადაც კომერციულმა ბანკებმა თანხის ჩადება დაიწყეს. ბანკებმა თავიანთი არა ერთი და ათი, ასმილიონიანი საინვესტიციო პორტფელები შექმნეს ჩვენი დაწყებული ბიზნესებით, რაც ძალიან წარმატებული იყო და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები